Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
WHO-მ “სინანული“ გამოთქვა აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების გამო

WHO-მ “სინანული“ გამოთქვა აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების გამო


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სამშაბათს სინანული გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, გაიყვანოს თავისი ქვეყანა გაეროს ამ უწყებიდან და განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ "გადაიფიქრებს".

20 იანვარს, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ავალდებულებს აშშ-ს, დატოვოს WHO - ორგანიზაცია, რომელსაც ის აკრიტიკებდა კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის გამო.

აშშ ამ ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი დონორია და მისი ფინანსური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უწყების მუშაობისთვის.

”WHO გადამწყვეტ როლს ასრულებს მსოფლიოში ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელებისა”, - ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტარიკ ჯასარევიჩმა.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის გასვლა გამოიწვევს ორგანიზაციის მნიშვნელოვან რესტრუქტურიზაციას და შეიძლება კიდევ უფრო შეაფერხოს გლობალური ინიციატივები ჯანდაცვის სფეროში.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრამპმა WHO-სთან კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2020 წელს მიღებული მისი გადაწყვეტილება 2021 წელს გააუქმა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ჯასარევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული წესების თანახმად, აშშ-ს ოფიციალური შეტყობინებიდან ერთი წელი დასჭირდება WHO-ს დატოვებისთვის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პეკინი გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას. WHO-ს როლი მხოლოდ უნდა გაძლიერდეს და არა შესუსტდეს”, - თქვა გუ სიაკუნმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG