პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, სასამართლოში უჩივლოს შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. ლაშა კალანდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/ მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციაში.
“სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა)”, - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, “Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ Julius Baer-თან ივანიშვილს ურთიერთობა გაურთულდა უკანასკნელი წლის განმავლობაში. ადვოკატის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში “Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის”.
“Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარე მათი საბანკო ანგარიშები. ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.
აშშ-მა დეკემბრის ბოლოს ფინანსური სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის კომპანია Julius Baer-ს დაუკავშირდა საიდანაც მიიღო შემდეგი შინაარსის პასუხი: "ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე კომენტარს არ ვაკეთებთ კომენტარს კლიენტის სავარაუდო ან ფაქტობრივ საკითხებზე"
„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ ივანიშვილი ფინანსური შანტაჟის გამო თავს არიდებს შეხვედრას ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებთან, რომლებიც "გლობალური ომის პარტიის" გავლენის ქვეშ არიან. პარტიაში „არაფორმალურ სანქციებს“ უწოდებდნენ ივანიშვილის 2 მილიარდი დოლარის ბლოკირებას Credit Suisse Bank-ში.
გასული წლის ოქტომბერში ტელეკომპანია „იმედთან“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლო პროცესის დადებითი შედეგის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც, მილიარდერის თქმით, დაბრკოლებები მოიხსნა დასავლელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე. ამას შემდეგ ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა ტელეფონით.
უცნობია, მილიარდერის ქონების რა ნაწილი რჩება დასავლეთში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები გაიტანა.
Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილის ქონება გასულ წელს 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ახლა 7,55 მილიარდ დოლარს შეადგენს.
განახლება:
მასალა განახლდა კომპანია Julius Baer-ისგან მიღებული პასუხით.
ფორუმი