ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს, დანაშაულს აღიარებს, პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის და არც აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ მოუთხოვია.
„ერთხელ და ორჯერ ხომ არ ვარ ნასამართლევი, რა უნდა შეიცვალოს? ხდება ხოლმე“, - თქვა მან სასამართლო პროცესზე.
ლაშა ჩხაიძე წარსულში ნასამართლევია და კამერების დაზიანების დროს პირობითი სამწლიანი მსჯავრის ქვეშ იყო.
ის გურიიდანაა. სასამართლოზე თქვა, რომ ავტობანის მშენებლობაზე მძღოლად მუშაობს. ჰყავს შვილი, დედა და ძმა.
საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს 12:00-ზე დაინიშნა.
42 წლის ლაშა ჩხაიძე პოლიციამ 2024 წლის დეკემბერში „ნივთის დაზიანების ფაქტზე“ დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
28 ნოემბრიდან თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები დაიწყო პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პროტესტი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.
ფორუმი