Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონებით შეტევამ „სამრეწველო საწარმო“ რუსეთის ქალაქ სარატოვშიც დააზიანა


ფოტო არქივიდან. სარატოვის ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი(მარჯვნიდან მეორე) უკრაინული დრონებით 8 იანვარს განხორციელებული შეტევის რაიონში
ფოტო არქივიდან. სარატოვის ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი(მარჯვნიდან მეორე) უკრაინული დრონებით 8 იანვარს განხორციელებული შეტევის რაიონში

რუსეთის სარატოვის ოლქში ქალაქ ენგელსის გარდა, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სარატოვზეც. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი იუწყება. ის შეტევას „მასირებულს" უწოდებს.

ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ენგელსის გარდა, „სამრეწველო საწარმო“ დაზიანდა ქალაქ სარატოვში. რომელი, ბუსარგინი არ აკონკრეტებს.

სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების ინფორმაციით, უკრაინამ დრონებით შეუტია სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

მანამდე, ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის, სარატოვის ოლქის გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ენგელსში დაზიანებულია „სამრეწველო საწარმო“ და „ოპერატიული სამსახურები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ“. ბუსარგინს საწარმო არ დაუკონკრეტებია.

გუბერნატორი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებდა 8 იანვარსაც, როცა უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ენგელსში დრონებით დაარტყეს ნავთობის ბაზა „კომბინატ კრისტალს", რომელიც საწვავით ამარაგებს ამავე ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომს.

მომდევნო დღეებშიც, როცა ხანძრის სრულად ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა და ენგელსის მცხოვრებთათვისაც უკვე ცნობილი იყო, რომ ქალაქში ნავთობის ბაზა იწვის, ბუსარგინი ყველა შეტყობინებაში მხოლოდ „სამრეწველო საწარმოს“ ახსენებდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ენგელსზე დრონებით დღევანდელი შეტევის სამიზნე, სავარაუდოდ, კვლავ ნავთობის ბაზა „კრისტალი" იყო. ტელეგრამ-არხი „ასტრა" ავრცელებს ვიდეოს, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს ენგელსში აფეთქებით გამოწვეულ ხანძარს.

უკრაინას ენგელსსა და სარატოვზე დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.

დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად გაზის ცისტერნაში ცეცხლის გაჩენის შესახებ იუწყებოდნენ რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანიდან.

უკრაინული დრონებით შეტევების შესახებ დილით, ტელეგრამ-არხებით ინფორმაცია გაავრცელეს რუსეთის ტულის, როსტოვის, სამარის, ვორონეჟის და ორიოლის გუბერნატორებმაც, თუმცა, შედეგების შესახებ არაფერი უთქვამთ.

დროებით შეჩერებული იყო ყაზანის, სარატოვის, კალუგის, ტამბოვის, პენზის, ულიანოვსკის და ნიჟნეკამსკის აეროპორტების მუშაობა.

13 იანვარს, ღამით რუსეთის კიდევ ერთი რეგიონის, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი ტელეგრამით იუწყებოდა „კიევის რეჟიმის მასირებულ მცდელობაზე“ ოლქის ტერიტორიაზე მიეტანა „კომბინირებული სარაკეტო“ შეტევა. ბოგომაზის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ყველა სამიზნე გაანადგურეს“.

რუსული ტელეგრამ-არხები დარტყმის სავარაუდო ობიექტებად ასახელებდნენ ბრიანსკის ოლქის ქალაქ სელცოში მდებარე ქიმიურ ქარხანას და ქალაქ ბრიანსკის მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალების საწყობს. ამ წყაროების ცნობითვე, უკრაინამ შეტევისთვის გამოიყენა ამერიკული რაკეტები ATACMS. 14 იანვრის დილის მდგომარეობით, ეს ინფორმაცია სხვა, სანდო წყაროების მიერ დადასტურებული არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG