ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 13 მაცხოვრებელი დაკარგულია, განაცხადა შაბათს ლოს-ანჯელესის შერიფმა რობერტ ლუნამ.
ყველაზე დიდი ხანძარი პაციფიკ პალისეიდის ტერიტორიაზე შაბათს ღამით დაახლოებით 400 ჰექტრით გაიზარდა, გაანადგურა სულ 5,300 შენობა. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შაბათისთვის მეხანძრეებმა მოახერხეს ამ ხანძრის ფართობის 11%-ის ლოკალიზება, წინა მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 8%-ს შეადგენდა. ასევე, საგანგებო სიტუაციების სამსახურები იმ ხანძრის ლოკალიზებაში მცირე წარმატებაზე საუბრობენ, რომელსაც "იტონი" ჰქვია.
ჰოლივუდის მსახიობები მელ გიბსონი, ენტონი ჰოპკინსი, ბილი კრისტალი და მოდელი პარიზ ჰილტონი იმ ცნობილი ადამიანების გრძელ სიაში არიან, რომლებმაც მიმდინარე ხანძრის შედეგად სახლები და ქონება დაკარგეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა, შტატს რაც საჭიროა ყველაფრით დაეხმარონ. ხანძრის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტიც გადადო.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდარი კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის ბრალია და თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან „აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი მხარე ახლა მიწასთან სწორდება“.
საპასუხოდ ნიუსომმა CNN-ს უთხრა, რომ ტრამპი კატასტროფის პოლიტიზებას ცდილობს, მაშინ როცა: „ხალხი გარბის, ადამიანები სიცოცხლეს გამოესალმნენ, ბავშვებმა სკოლები დაკარგეს, ოჯახები დაიშალა, ეკლესიები კი დაიწვა“.
ფორუმი