თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა. დარბაზიდან გაიყვანეს თავად დაკავებულებიც.
ამ წუთებში სხდომა გრძელდება მხოლოდ მოსამართლის, მდივნებისა და პროკურორების თანდასწრებით.
ბრალდებულები და მათი ადვოკატები ორი საათის განმავლობაში ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან, მათი თქმით, მცირე დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო, შეუძლებელი იყო მუშაობა.
ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი გახდა შეუძლოდ. სასამართლოში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. ექიმებმა ჯანმრთელობის ცნობაში ჩაწერეს, რომ ის, სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გახდა შეუძლოდ, თუმცა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მაინც არ მიიღო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება.
"ჩვენს მიერ პროცესის დატოვების მიზეზი და საფუძველი არის ის, რომ ადვოკატები ვერ ავიტანდით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და ჩვენი იქ ყოფნა იქნებოდა ამ ყველაფერზე თანხმობა", - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა სხდომის დატოვების შემდეგ.
რაც შეეხება პროცესის გაგრძელების პერსპექტივას, ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ორ დაკავებული საჭიროებს სავალდებულო დაცვის პირობის აღსრულებას, რადგან ერთ-ერთი 21 წლამდე ასაკისაა, მეორე კი არ ფლობს ქართულ ენას, შესაბამისად, მათ უნდა დაენიშნოთ სახაზინო ადვოკატი:
"საქმის მასალები უნდა გადაეცეთ მათ. არ ვიცით, ეს დღეს ტექნიკურად რამდენად მოხერხდება, რომ დღესვე გაგრძელდეს სხდომა. მადლობა კოლეგებს, რომ ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაში ბრალდებულებიცა და ადვოკატებიც ვიყავით ერთსა და იმავე პოზიციაზე, ჩვენთვისაც და მათთვისაც, ეს იყო ღირსების შემლახავი მდგომარეობა, როდესაც მოსამართლეს ეუბნები, რომ უჟანგბადობის გამო ვერ ვკონცენტრირდებით არგუმენტებზე და გვიწევს ჰაერზე ფიქრი და მოსამართლე ამას არ ითვალისწინებს და ამბობს, რომ ის ამ სიტუაციას ვერ შეცვლის, თან შაბათია და ვიცით, რომ სასამართლოს შენობაში არის უკეთესი დარბაზი და მაინც არ ცვლის დარბაზს, როგორ უნდა დაგვრჩეს ჩვენ იმის განცდა, რომ ეს მოსამართლე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით ყველა დაკავებულთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი ღონისძიება აქვს გამოყენებული პატიმრობის სახით, თავის გადაწყვეტილებას შეცვლის", - ამბობს კახა კოჟორიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა პროცესი, სადაც მოსამართლემ მათი პატიმრობის საკითხზე უნდა იმსჯელოს.
11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს.
აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.
ამ წუთებში, საპროტესტო აქცია გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასა და ეზოში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
ფორუმი