ადვოკატების მეორე შუამდგომლობა დარბაზის შეცვლას უკავშირდება. მათ მოითხოვეს უფრო დიდ 150-კაციან დარბაზში გადასვლა. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მან გაიმეორა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გუშინდელი არგუმენტი პირველ დარბაზში “რაღაც ტექნიკურ პრობლემაზე” და დაამატა, რომ დარბაზის შეცვლის საჭიროებასაც ვერ ხედავს.
ინფორმაციისთვის, დიდი დარბაზი თავისუფალია და მთელ სასამართლოში მხოლოდ ეს პროცესი ტარდება.
ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე თქვა:
“არანაირი განხილვა არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით რაზეც პროკურორმა ბრალი წარმიდგინა.
თქვენ მოკვლევა და განხილვა არ გიწარმოებიათ ისე მომისაჯეთ პატიმრობა. მადლობასაც გიხდით, მე მომეცა საშუალება, რომ ჩემი ქვეყნისთვის ვეწამე, თქვენ პატიმრობით თავისუფლება კი არ წამართვით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, პირიქით, თავისუფლება მომანიჭეთ. გყავთ ბატონო მოსამართლე მოძღვარი? თუ არ გყავთ მოძღვარი, გირჩევთ გყავდეთ მოძღვარი და მოინანიოთ ეს ცოდვა იმიტომ, რომ ბოროტებას სჩადიხართ. ბოროტებაა, როცა ასეთ ახალგაზრდებს არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ. ვინ მოგცათ ამის უფლება?"
ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვა.
ადვოკატის თქმით, მოსამართლის აცილების საფუძველი შეიძლება იყოს სხვა რაიმე გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ეს გარემოება კი ამ მოსამართლის მიერ იდენტურ საქმეზე გასული წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებაა.
“პატიმრობის საკითხი უკვე განვიხილეთ დეკემბერში, რომელიც ამავე შემადგენლობამ არ განიხილა ობიექტურად და მიკერძოებულად. აღკვეთის ღონისძიება შეეფარდება უდანაშაულო ადამიანს, ასეა და როცა ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება ხდება, უნდა იყოს დასაბუთებული. წინა სხდომაზე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კონკრეტული გარემოება, რამ შეუქმნა ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვეფხია კასრაძე მიიმალებოდა, ახალ დანაშაულს ჩაიდენდა, მტკიცებულებებს გაანადგურებდა, სასამართლოში არ გამოცხადდებოდა. არც ერთი ფაქტი ამ ადამიანის ცხოვრებიდან მსჯელობის საგანი არ გამხდარა.
მას არგუმენტებისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ… ეს აჩენს ეჭვს, რომ მოსამართლე არ არის სამართლიანი და მიუკერძოებელი… დღევანდელი განხილვის შედეგი ჩვენთვის წინასწარ არის ცნობილი, ისევ პატიმრობას შეუფარდებს, რადგან ეს ვნახეთ წინა სხდომაზე…” - თქვა კახა კოჟორიძემ.
სასამართლო პროცესი ამჯერადაც არ იმართება დიდ დარბაზში. სხდომაზე დასწრება მსურველების ნაწილმა ვერ შეძლო.
სავარაუდოდ, ადვოკატები დარბაზის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეა, პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა.
ფორუმი