Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: ანდრო ჭიჭინაძემ პოლიციელს ნასროლი ბოთლი უკან დაუბრუნა, რომელ დაზიანებაზეა საუბარი?!


მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვა ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვა ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ნათია კორკოტაძე ფიქრობს, რომ პროევროპული აქციების გამო დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის მოსამართლეს, ქეთევან ჯაჭვაძეს, შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განმუხტოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეცვლით.

„ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები“, - მიმართა სხდომათა დარბაზიდან ადვოკატმა მოსამართლეს და მსახიობისთვის წაყენებული ბრალის დეტალებზე ილაპარაკა.

„ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი?! ბატონო მოსამართლე, მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა...

თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ ეს ტყვეები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ სიტუაცია განმუხტოთ. ამით დიდ პასუხისმგებლობას მოიხსნით და შეიძლება ისტორიაშიც ჩაეწეროთ", - თქვა ადვოკატმა.

მანვე აღნიშნა, რომ საუბარია 158 პოლიციელის დაშავებაზე, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანის გამოკითხვის ოქმი არ დევს საქმეში:

„158 (პოლიციელიდან) 58-ს ხომ მაინც გამოკითხავს ბრალდების მხარე, ვიღაცა მოწმეებს, ოქროს მოწმეებს მოძებნიან, რომლებსაც წარმოგვიდგენენ სასამართლოში, დაანახებენ ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს და ეტყვიან, აი, ანდრო ჭიჭინაძემ ბოთლი რომ გადმოაგდო ან პიროტექნიკა ისროლა, ამან მე დაზიანება მომაყენა. ცოტა სამარცხვინოა, არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ სამართლიან სასამართლოზე“.

ადვოკატი ფიქრობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს, თუმცა მას ამის იმედი არ აქვს:

„სამარცხვინოა, ასეთი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი საბრალდებო სკამზე რომ ზის...“

დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურის შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო.

უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი - 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG