"ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტი" შეშფოთებით გამოეხმაურა მანდატს, რომელიც მთავრობის ფორმირების მიზნით მიიღო ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლებამ".
ეს მანდატი მიეცა პარტიას, რომელიც "უფრო მეტადაა ჩართული მემარჯვენე ექსტრემიზმში და ნეონაცისტურ აზროვნებაში და ქმედებებში, ვიდრე თითქმის სხვა ყველაფერში", - თქვა ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კრისტოფ ჰიუბნერმა 6 იანვარს. მის სიტყვებს ავრცელებს გერმანიის სააგენტო dpa. ამის გაძლება "განსაკუთრებით რთულია ჰოლოკოსტს გადარჩენილთათვის ... მათთვის ეს დღე ნიშნავს კიდევ ერთ ბნელ მწვერვალს ევროპული დავიწყების გზაზე".
ჰიუბნერი შეშფოთებას გამოთქვამს იმ გარემოების გამო, რომ უფრო და უფრო მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს ულტრამემარჯვენე ძალებს და ემხრობა იდეოლოგიებს, რომლებმაც, მისი თქმით, ევროპა უწინ უფსკრულში გადაჩეხეს.
"ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტი" დააარსეს ნაცისტური გერმანიის სიკვდილის ბანაკს, ოსვენციმი-ნირკენაუს, გადარჩენილებმა.
ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა პარტია "თავისუფლებას" ოფიციალურად დაავალა მთავრობის ფორმირება, პარტიის ლიდერ ჰერბერტ კიკლთან შეხვედრის შემდეგ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კონსერვატიული ორიენტაციის, სახალხო პარტიის ახალი ლიდერის, კრისტიან სტოკერის განცხადება, რომ მისი პარტია მოლაპარაკებებს გამართავს კიკლთან - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც პარტია "თავისუფლებამ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. სტოკერი თავისმა პარტიამ ლიდერად მას მერე აირჩია, რაც კანცლერმა კარლ ნეჰამერმა 4 იანვარს გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, ცენტრისტული ორიენტაციის პარტიებთან კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკების კოლაფსის ფონზე.
ფორუმი