Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის კანდიდატისგან მოსალოდნელი სტანდარტებით არ ჩატარებულა - ვაიმარის სამკუთხედი


ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების [გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას აქვეყნებენ და შეშფოთებას გამოხატავენ იმ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

განცხადების თანახმად, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა ევროკავშირის კანდიდატისგან მოსალოდნელი სტანდარტების მიხედვით.

"OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას საარჩევნო პროცესის პატიოსნად ჩატარებასთან დაკავშირებით, ფართოდ გავრცელებული დარღვევებითა და არასათანადო გამოძიებებით", - წერია განცხადებაში, რითაც ისინი მოუწოდებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ჩაერთონ დიალოგში.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნისა და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის მიზნით.

OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულების მოწოდება, მათ შორის ახალი არჩევნების შესაძლებლობა, რომელიც ქართული საზოგადოების ნაწილისგან მოდის, იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დიალოგში ჩართვით".

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების მინისტრები, გავრცელებული განცხადებით, "მკაცრად გმობენ" მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობას და საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ პასუხისმგებლობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება.

"ჩვენ, არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალონ კურსი და დაუბრუნდნენ ევროინტეგრაციის გზას, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების განხორციელებით...

„ქართული ოცნების“ მიერ რეპრესიებისა და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკურმა კურსმა ჩვენი ურთიერთობები შეასუსტა ევროპულ და ეროვნულ დონეზე და შეამცირა ჩვენი დახმარება და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან.

შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ და განვიხილავთ დამატებით ზომებს ევროკავშირისა და ეროვნულ დონეზე", - წერია განცხადებაში.

28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პროევროპული აქციები ისევ გრძელდება.

პოლიციამ დააკავა 500-მდე დემონსტრანტი, მათ შორის 44 სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არ არის ცნობილი რომელიმე სამართალდამცავის დაკავების შესახებ.

დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG