ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე, მოქალაქეებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები გააპროტესტეს, რომლებიც, მათივე თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.
საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე.
კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ზუგდიდის აქციაზე პროტესტის ნიშნად ფეიერვერკი და ე.წ. ფერადი კვამლი გამოიყენეს, მონაწილეთა ნაწილი კი დაფარული სახით, თავსაბურავ ბალაკლავით მივიდა, რაც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ სამართალდარღვევად მიიჩნია.
“ე.წ. ბალაკლავის ტარების გამო აქციის სამი მონაწილის, მათ შორის ჩემს მიმართ პოლიციამ დაიწყო ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება. სასამართლო გაიმართება და ის დაადგენს, დაგვაჯარიმებს 2000 ლარით თუ გაფრთხილებით შემოიფარგლება. დღეს პოლიციას არ ჰქონია რეაქცია პიროტექნიკის გამოყენებაზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილემ, პარტია “დროას” წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ.
აქციის მონაწილეები, შეზღუდვების მიუხედავად, პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ. მორიგი აქცია ზუგდიდში, რწმუნებულის ადმინისტრაციასთან 31 დეკემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.
თვეზე მეტია, რაც სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდში საპროტესტო აქციას ყოველდღიურად მართავენ. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.
ფორუმი