Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი გაბუნიას გადაყენებას ითხოვს


გიორგი გაბუნია, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
გიორგი გაბუნია, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ზაზა ოქუაშვილის, წარმომადგენელი გიორგი გაბუნიას არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. „მთავარი არხის“ თანადირექტორის, გიორგი ქურდაძის, მოთხოვნა საჯარო რეესტრში 24 დეკემბერს, დილით შევიდა.

2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, „მთავარი არხის“ წილები ასეა გადანაწილებული: სოფო ლილუაშვილი (ნიკა გვარამიას ცოლი) - 12%; მარი ანა რურუა - 2,5%; გიორგი რურუა - 2,5%; ნიკოლოზ სისაური - 3%; შპს "საქართველოს უნივერსიტეტი" - 2%; ბაკურ ჯახია - 37%; შპს "ომეგა მოტორს თბილისი" - 0,2% (ზაზა ოქუაშვილი); შპს "ომეგა მოტორ ჯგუფი" (ზაზა ოქუაშვილი) - 0,2%; BGIM LTD (ზაზა ოქრუაშვილი) - 39,2%; მაგული ხარებავა - 0,2%; ნათია ჯოგიაშვილი - 0,2%.

გიორგი ქურდაძემ წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“.

„კერძოდ 2024 წლის 29 ნოემბრის განცხადების საფუძველზე გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ გადმოუგზავნა მისი კუთვნილი ელექტრონული ფოსტიდან მის მიერ დაწერილი განცხადება გენერალური დირექტორის თნამდებობის დატოვების შესახებ, დამფუძნებლებს და დირექტორს მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ სამეწარმეო რეესტრში შეიტანოთ ცვლილება“, - დაწერა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრში დატოვებულ მიმართვაში. ამ წერილის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მედიაჩეკერმა“ გაავრცელა.

მიმართვას თან ერთვის გიორგი გაბუნიას სახელით გაგზავნილი დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს მისი ხელმოწერა. ინფორმირებული წყარო „მთავარი არხიდან“ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გიორგი გაბუნიას გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია. მეტიც, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო, გიორგი გაბუნიას განცხადება ან ნოტარიულად დამოწმებულიყო, ან თავად მიემართა საჯარო რეესტრისთვის.

არხზე შექმნილი პრობლემების შესახებ ცნობილი 11 დეკემბერს გახდა, როცა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგი გამართა. მან თქვა, რომ არხის ერთ-ერთმა მეწილემ, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა, არხის დახურვა გადაწყვიტა და ფაქტობრივად, ჩაერთო „ქართული ოცნების“ დაწყებულ მასობრივ ძალადობაში.

გაბუნიას განცხადებით უპასუხა ოქუაშვილმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო დავას, ამიტომ „კომიკური და ლოგიკას მოკლებულია” გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული „ცუდად შეფუთული ბრალდება„ ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ. ოქუაშვილი ირწმუნება, რომ სურს „არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.

ტელეკომპანია „მთავარი არხი" 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.

2020 წლის მაისში „მთავარი არხის" მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.

2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.

2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG