"ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებაზე შეთავაზებას, საქართველოს ევროპული გზის უზრუნველსაყოფად და არსებული კრიზისის მოსაგვარებლად. პრეზიდენტის მიმართ მუქარა მიუღებელია", - წერს ედგარს რინკევიჩი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილი ივანიშვილს მიმართავს, თუნდაც პირისპირ შეხვდეს მას.
"ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე, კომპრომისზე. ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარეა ყოველთვის "მშვიდობის მტრედი", დიალოგის მომთხოვნი და ა.შ. ამ საკითხებზე დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას.
მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი... მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ? ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე, მე მზად ვარ და მივიღებ. ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ, ძალიან მარტივი იქნება", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ფორუმი