Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობა - რა რეკომენდაციები აქვს OSCE/ODHIR-ს


ეუთო/ODIHR-მა არჩევნების შემაჯამებელი დასკვნა 2024 წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა
ეუთო/ODIHR-მა არჩევნების შემაჯამებელი დასკვნა 2024 წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა

26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

რეკომენდაციების თანახმად, უნდა შეწყდეს:

  • ამომრჩევლების დაშინება
  • წნეხი საჯარო მოხელეებზე
  • ამომრჩევლების მოსყიდვა
  • ელექტორალური ძალადობა

არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, ეუთო/ოდირი ხედავს საკანონმდებლო ბაზის და მათ შორის - საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველი გადახედვის საჭიროებას, საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიზნით. ცალკე გამოყოფილია:

  • საარჩევნო კომისიების წევრთა დანიშვნის პროცესის გადახედვა - რათა არ იქნეს დაშვებული რომელიმე ერთი პარტიის დომინირება;
  • პოლიტიკური ფინანსების კონტროლის ნათელი რეგულაციების შემუშავება;
  • ზომების მიღება მედიის მარეგულირებელი ორგანოს [კომუნიკაციების ეროვნული კომისია] დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად;
  • საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
  • სამოქალაქო დამკვირვებლებისთვის წნეხისა და დაშინების გარეშე მუშაობის შესაძლებლობის მიცემა;
  • ხმის ფარულობის გარანტირება პროცედურული დამცველი მექანიზმებით.

ODIHR-ი გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრაში, ამ და ასევე წინა ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის - საარჩევნო უბნების დაგეგმვისა და საარჩევნო მასალების დიზაინის გასაუმჯობესებლად“, - ვკითხულობთ ეუთო/ოდირის დასკვნაში.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების კვალდაკვალ, კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას ამომრჩევლებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე ზეწოლასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ კონკრეტული ქმედებებისკენ“, - აღნიშნულია ეუთო/ოდირის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი, რადგან ღრმა კრიზისში ჩააგდო საქართველო ამ არჩევნებმა“, - დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე.

პრეზიდენტთან ერთად, ახალი არჩევნების ჩატარების სრულ საფუძველს ხედავენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის არჩევნებს შემდგარად აცხადებს და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ ეჭვებს აქრობს.

"ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, "ენჯეობის", სალომე ზურაბიშვილისა და მათი უცხოელი შემაგულიანებლების 5 მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ", - განაცხადა 21 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. "5 მთავარ ტყუილს" შორის ის გამოყოფს ოპონენტების ბრალდებებს მასშტაბური გაყალბების, ერთი პირადობის მოწმობით ხმის მრავალჯერადად მიცემისა თუ ბიულეტენებზე მარკირების მელნის გაჟონვასთან დაკავშირებით.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა ეუთო/ოდირმა 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“, - წერია ანგარიშის ტექსტში.

ანგარიშში ლაპარაკია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენაზე. ODIHR-ის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასათანადოდ იქნა განხილული, რამაც შეზღუდა სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა.

ახალი არჩევნების დანიშვნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც საქართველოში, უკვე სამ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG