პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ (გლოპ-ის) ნაცვლად ტერმინ „დიპ სტეიტს“ (Deep State - „ჩრდილოვანი სახელმწიფო“) იყენებს, მას აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთ-უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებზე მსოფლიოში და ამბობს, რომ იმედოვნებს, „დიპ სტეიტს“ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს „დიპ სტეიტს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან. დიდი იმედი მაქვს, ამას შეძლებს და ეს საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება“, - თქვა მან.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია“:
„ამაში გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“.
კობახიძემ ასევე ახსენა ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი, რომელსიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას „ნატოს გაფართოებაზე რუსეთის ლოგიკურად პასუხად“ მიიჩნევს; ასევე, მისი ინტერვიუ - ამერიკელ კონსერვატორ კომენტატორთან, Fox News-ის ყოფილ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან, რომელშიც, კობახიძის თქმით, „საქსმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში“.
ამის შემდეგ კი განაცხადა: „ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ჩვენ ვახტანგ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია მივცეთ გარკვეული შეფასება და, შეიძლება, ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება“.
სწორედ ამის შემდეგ ისაუბრა მან „დიპ სტეიტზე“:
„დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. დიპ სტეიტთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ „ან „დიპ სტეიტი“ დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოშლის „დიპ სტეიტს“. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში „დიპ სტეიტი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასე ხშირად ვისმენთ ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით მან ასევე თქვა, რომ 2019 წლის ივნისის ბოლოს [„გავრილოვის ღამის“ მოვლენების შემდეგ - რ.თ.] „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი ჰქონდა გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება:
„ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, მეც ვიზიარებდი და გუნდის არაერთი წევრი ითხოვდა და მიგვაჩნდა, მიზანშეწონილი იყო. თუმცა როგორც კი ეს გადაწყდა, მან [გახარიამ] მაშინ 15 წუთი ითხოვა. ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიპ სტეიტიდან“. მერე გაგრძელდა ეს პროცესები, ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ და მოხდა ისე, რომ გახარიასგან გათავისუფლდა ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა და მოვლენები დაუბრუნდა კალაპოტს. მაშინაც ქვეყანას ხელოვნურად არყევდა "დიპ სტეიტი". თუმცა ასეთ კომპრომისებზე ჩვენ აღარ მივდივართ ოთხი წელია და ამიტომ არის გამწარებული ეს ხალხი“, - განაცხადა კობახიძემ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.
„ქართული ოცნება“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებს და აცხადებს, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, - არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, - შტატების მიდგომები შეიცვლება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღემდე არ ჰქონიათ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ან მის მომავალ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაცია.
ფორუმი