ორი რუსული ტანკერი კატასტროფას განიცდის ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროებიდან რვა კილომეტრში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია ტანკერი „ვოლოგონეფტ 212“, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი და ოთხი ათას ტონაზე მეტი მაზუთია. მეორე არის „ვოლოგონეფტ 239“, 14 მეზღვაურით და მსგავსი რაოდენობის ტვირთით.
ორივე გემი დაზიანდა. უბედური შემთხვევების ზუსტი მიზეზი გაურკვეველია, მთავარი ვერსია არის ეკიპაჟის შეცდომა ქარიშხლის დროს.
ქერჩის სრუტეში ძლიერი ტალღები ფიქსირდება, იქ ქარიშხალი შვიდ ბალს აღწევს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ტანკერი ფაქტობრივად შუაზეა გახლეჩილი. მისი წინა ნაწილი წყალში ვერტიკალურად დგას.
შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა მი-8 ტიპის ვერტმფრენი და სამაშველო ბუქსირი. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ერთი მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. 12 მეზღვაური ცოცხლები გამოიყვანეს. დანარჩენები ან ჩაძირვის საფრთხის ქვეშ მყოფ გემებზე არიან, ან წყლის ზედაპირზე. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ფორუმი