Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხდება


პაატა სალია, „ქართული ოცნების“ სიის 96-ე ნომერი
პაატა სალია, „ქართული ოცნების“ სიის 96-ე ნომერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი და ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება. „ქართული ოცნების“ სიის 96-ე ნომერი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ აპირებს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას.

„ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები, მრწამსი და ზოგადად ის, თუ როგორ წარმართავს „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკას, როგორ ვითარდება ქვეყანა, ამის გამო გადავწყვიტე, ვყოფილიყავი პარტიის წევრი. მივიღე შეთავაზება და მაშინვე დავთანხმდი“, - უთხრა პაატა სალიამ რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, არ შეცვლილა. მათ შორის, არ შეცვლილა არც 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

„მე არ ვთვლი, რომ რაიმე სახით ჩვენი საგარეო კურსი შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო... მე არ აღვიქვამ, რომ რაიმე პროცესი არის შეჩერებული“, - ამბობს პაატა სალია.

ის ამ დრომდე არის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" დირექტორი. ამ შპს-ს ეკუთვნის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" 10%-იანი წილი. მისი თქმით, ამის მიუხედავად, არ გაჩნდება კითხვა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის ქართული ოცნების“ მიმართ მიკერძოებასთან დაკავშირებით.

„რუსთავი 2" არის დამოუკიდებელი ტელევიზია და მაყურებელმა უნდა შეაფასოს მისი სარედაქციო პოლიტიკა“, - თქვა პაატა სალიამ, რომელსაც რადიო თავისუფლებამ სთხოვა, გაეხსენებინა არხის მიერ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ მომზადებული კრიტიკული სიუჟეტები.

„ვთვლი, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიაა, აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და მაქსიმალურად ობიექტურად აშუქებს მოვლენებს... კრიტიკული მასალა ძალიან ბევრი მახსენდება, თუმცა ჩამოთვლას არ შევუდგები“, - ამბობს ის.

დღეს, 10 დეკემბერს, პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა „ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს:

  • ირაკლი კობახიძეს (პრემიერ-მინისტრი) - 78 მომხრე;
  • მაკა ბოჭორიშვილს (საგარეო საქმეთა მინისტრი) - 79 მომხრე;
  • ანრი ოხანაშვილს (იუსტიციის მინისტრი) - 77 მომხრე;
  • დავით სონღულაშვილს (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი) - 76 მომხრე;
  • მარიამ ქვრივიშვილს (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე) - 81 მომხრე;
  • ბიძინა ივანიშვილს („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე) - 74 მომხრე;
  • ირაკლი ღარიბაშვილს („ქართული ოცნების“ თავმჯდომარე) - 78 მომხრე;
  • მიხეილ ყაველაშვილს („ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი) - 75 მომხრე.

საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტში მათი ადგილმონაცვლე იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მყოფი მომდევნო რვა პოლიტიკოსი: ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ქურასბედიანი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია.

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრება, ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG