თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 18 წლის სტუდენტს, საბა ჯიქიას.
გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 წლამდე.
საბა ჯიქიასთან ერთად მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა კიდევ ერთ დაკავებულს, ანზორ კვარაცხელიას.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
არც ანზორ კვარაცხელია და არც საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.
მათ ნაწილს 6 დეკემბერს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 დეკემბერს, 16 საათზე დანიშნულია ამავე საქმეებზე დაკავებული კიდევ ორი პირის - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის სასამართლო სხდომა.
ფორუმი