Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აკრძალა აფხაზური მანდარინის იმპორტი - დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა.

„რუსეთის მხარემ აკრძალა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა, სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით“, - თქვა მან.

ბგანბას სიტყვებით, „აფხაზეთის სანიტარული სამსახურები უარყოფენ ციტრუსში მავნებელი მწერის არსებობას“. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

"როსსელხოზნადზორი" უარყოფს ბგანბას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყებაში აცხადებენ, რომ აკრძალვა ციტრუსზე არ დაუწესებიათ.

სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, რომ რუსეთში მანდარინის ექსპორტი აფხაზი ფერმერების მთავარი შემოსავლის წყაროა ზამთარში. ამ სეზონზე რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან 36 ათასი ტონა ციტრუსის შეტანა იგეგმებოდა.

მანამდე ტელეგრამის არხი RESPUBLICA წერდა, რომ აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თხოვნით რუსეთის მხარეს ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიმართა.

„არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიმართა რუსეთის მხარეს წინადადებით, შემოეღო შეზღუდვები რესპუბლიკის წინააღმდეგ. შესაძლო ზომებს შორის განიხილებოდა:

  • აფხაზური ციტრუსის ექსპორტის აკრძალვა;
  • რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების შეჩერება;
  • დაფინანსების შეზღუდვა ყველა მუხლით.

კრემლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ექსპრეზიდენტის ამგვარი მოქმედების მიზანი აფხაზეთში კრიზისული ვითარების გაღრმავება იყო, რომელიც ბჟანიას საშუალებას მისცემდა, დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში გარე ზეწოლით".

ფორუმი

XS
SM
MD
LG