ახალგაზრდა იემენელებს სამუშაოზე მოწყობის ცრუ დაპირებით იტყუებენ რუსეთში, შემდეგ კი უკრაინაში საომრად წასვლას აიძულებენ. ამის შესახებ გერმანული "დოიჩე ველე" წერს იემენელთა ნათესავებსა და უფლებადამცველებზე დაყრდნობით.
იემენის ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ მის მეგობარს, რომელიც ფრონტზე მოხვდა, სხვა იემენელების მსგავსად გადაუჭრეს კავშირის ყველა საშუალება.
იგი შედიოდა 24-კაციან ჯგუფში, რომლის ყველა წევრი გადაიბირეს ქალაქებში სანასა და ტაიზში. გადაბირებით დაკავებული იყო ჰუთებთან დაკავშირებული საერთაშორისო ქსელი. ამის შესახებ საუბრობენ როგორც იემენელები, ისე ჟენევაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია "სამი".
ორგანიზაციის თანახმად, ახალგაზრდებს მაღაროებში სამუშაოდ მოწყობას და 10 ათას- დოლარიან ხელფასს ჰპირდებიან, მაგრამ რუსეთში ჩასვლის შემდეგ, ფრონტზე გზავნიან. კონტრაქტები, რომლებსაც ხელს აწერენ, ხშირად არ არის გადათარგმნილი, ამიტომ იემენელები კარგად ვერ იგებენ დოკუმენტის შინაარსს.
ორგანიზაცია "სამის" შეფასებით, გადაბირებულ იემენელთა რაოდენობა 500-700-კაცს უნდა შეადგენდეს.
გადაბირების პროცესში მონაწილეობს ვინმე დმიტრი, რომლის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. ის უნდა მუშაობდეს ომანში რუსეთის საკონსულოში და, როგორც ამტკიცებენ, რუსეთის მხარეს წარმოადგენს ჰუთების ორგანიზაცია ალ-ჯაფრის ოფისში.
უფრო ადრე, ზაფხულში, იემენელთა გადაბირების შესახებ წერდა გამოცემა "ფაინენშალ ტაიმსიც".
ფორუმი