ნეპალში დააკავეს 12 პირი, რომლებიც, პოლიციის თანახმად, მოხალისეებს აგროვებდნენ რუსეთის არმიაში საბრძოლველად. რუსეთის ჯარების შემადგენლობაში ნეპალელებს უკრაინის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. 10 დაკავებული კვლავაც წინასწარ პატიმრობაშია.
როგორც კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელი იტყობინება, ეჭვმიტანილები ქირაობდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს, აფორმებდნენ მათ სამგზავრო დოკუმენტებს და რუსეთში აგზავნიდნენ მესამე ქვეყნების გავლით - არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის გზით. ამასთან, დაქირავებულებს თავად უნდა გადაეხადათ ცხრა ათასამდე დოლარი რუსეთის ვიზისა და თვითმფრინავის ბილეთებისთვის.
ზუსტად რამდენი ადამიანის დაქირავება მოხერხდა, არ აზუსტებენ. ასევე არ იტყობინებიან, მათ დაქირავებული მებრძოლების სტატუსი უნდა ჰქონოდათ თუ კონტრაქტით აყვანილების.
5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში დაიღუპა რუსეთის მხარეს მებრძოლი ექვსი ნეპალელი მებრძოლი. ორშაბათს უკრაინის სამხედრო კორესპონდენტმა ანდრი ცაპლიენკომ თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ფიგურირებენ ზაპოროჟიეს სამხრეთით ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები. ცაპლიენკო ირწმუნება, რომ ეს არიან 70-ე მოტომსროლელთა პოლკის მეომრები. ამასთან, ერთ-ერთმა, რომელიც რუსულად არ ლაპარაკობდა, თქვა, რომ ნეპალის მოქალაქეა. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.
ნეპალის ხელისუფლებამ მოსკოვს მოუწოდა, აღარ დაიქირაოს მისი მოქალაქეები რუსეთის არმიისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა ნეპალელის დემობილიზაცია, რომელთანაც უკვე გაფორმებულია კონტრაქტი. ნეპალის კანონები უკრძალავენ მის მოქალაქეებს სხვა ქვეყნების არმიებში სამსახურს. გამონაკლისია რამდენიმე მეგობრული სახელმწიფო, კერძოდ, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი.