Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სოლიდარული ვარ ყველა პატიმრის მიმართ, როგორც ქრისტიანი“ - თეატრალურის რექტორი მსახიობის დაკავებაზე


გიორგი შალუტაშვილი აქციის მონაწილეებს ხვდება. 6 დეკემბერი, 2024 წელი
გიორგი შალუტაშვილი აქციის მონაწილეებს ხვდება. 6 დეკემბერი, 2024 წელი

თეატრალური უნივერსიტეტის წინ შეკრებილ მსახიობებსა და მოქალაქეებს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი შეხვდა.

აქციის მონაწილეები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ითხოვდნენ მასთან შეხვედრას და მისი პოზიციის მოსმენას მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე.

თეატრალური უნივერსიტეტის წინ გამოსულმა გიორგი შალუტაშვილმა თქვა, რომ შეეცდება გაერკვეს დეტალებში. მანვე თქვა, რომ ემიჯნება ძალადობას:

„პირადად მე, გიორგი შალუტაშვილი, რაც ჩემს ხელში იქნება, კანონი თუ მორალი, დავდგები ამ ოჯახის გვერდით, რაც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში. ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ გულისამრევია და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, რა ვთქვა სხვა. სრული ინფორმაცია არაფერთან დაკავშირებით არ მაქვს. დილიდან ვზივარ და ამას ვიძიებ“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეეცადა რექტორისთვის აეხსნა, რა ბრალდებითაა დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და რომ მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება:

„ანდრო ჭიჭინაძე იდგა აქციებზე, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყნის წართმევას. ამ აქციებზე სისხლი გვანთხევინეს. ახლა ანდროს ედავებიან იგივეს, რასაც ჩვენ სპეცრაზმელები გვიკეთებენ და გვეუბნებიან, რომ ანდრო თურმე სპეცრაზმელებზე თავდასხმას აპირებდა, რაც არის ფაბრიკაცია.

ანდროს პოზიციას თუ იზიარებთ და ხართ თუ არა სოლიდარული ანდროს მიმართ, რომელსაც ახლა ცხრა წელი ემუქრება იმისთვის, რასაც რეალურად ჩვენ გვიკეთებს სპეცრაზმი? ხართ თუ არა სოლიდარული ანდროს მიმართ?" - ჰკითხა აქციის მონაწილემ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს.

გიორგი შალუტაშვილმა აქციის მონაწილეს უპასუხა:

„სოლიდარული ვარ ყველა პატიმრის მიმართ, როგორც ქრისტიანი. ახლა გასაგებია? მე მთხოვთ ხელისუფლების ნაცვლად პასუხს? მე მაქვს მორალური პოზიცია. გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ხელში იქნება“.

გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრის შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ჯერ ოპერისა და ბალეტის თეატრთან გადაინაცვლეს მსვლელობით, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრისკენ წავიდნენ. ისინი ამ წუთებში მარჯანიშვილის თეატრის დარბაზში იმყოფებიან.

28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით გუშინ, 5 დეკემბერს, დააკავეს.

ეს დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 6 დეკემბერს 26-მდე გაიზარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG