შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ.
1971 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს და 1998 წელს დაბადებულ რ.კ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შსს ამბობს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ „რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვროდნენ“.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 26 პირი.
რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.
ფორუმი