Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 20 წლის ლუკა ჯაბუა


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერი, 2024.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერი, 2024.

6 დეკემბერს, დილით ადრე, საკუთარ სახლში დააკავეს 20 წლის ახალგაზრდა, ლუკა ჯაბუა.

გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავება.

ახალგაზრდა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის უკვე მოინახულა ადვოკატმა რუსუდან აგულაშვილმა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გაუგებარია, რას ედავებიან სამართალდამცავები, რადგან აქციებზე არ ჰქონია შეხება სამართალდამცავებთან და ძირითადად მეგობრებთან ერთად იდგა აქციის უკანა რიგებში:

„20 წლის ბიჭია დაკავებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ. ამოღებულია მისი ტელეფონი. წარმოდგენა არ აქვს, რა ორგანიზებასა და რა მომენტზეა ლაპარაკი. საქმის მასალებს რომ გავეცნობით, მას შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი“, - ამბობს ადვოკატი.

დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდებიან ბრალის წარდგენას მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე.

ისინი სამართალდამცავებმა გუშინ, 5 დეკემბერს, დააკავეს.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით, გუშინ შსს-მ სულ ხუთი პირი დააკავა.

ეს დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო ორ დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, აფეთქების მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 23 პირი დააკავა.

საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით. დაკავებულთა ნაწილს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა, ნაწილის სასამართლო სხდომები, სავარაუდოდ, 6 და 7 დეკემბერს გაიმართება.

რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პირველი ექვსი ღამის განმავლობაში, პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

აქციების დაშლისას დაკავებულია 300-ზე მეტი დემონსტრანტი. ბოლო ორი დღეა, შსს-ს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ განცხადება აღარ გაუვრცელებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG