Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მოიწონა რუსეთ-ბელარუსის ხელშეკრულება უსაფრთხოების შესახებ


რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 24 მაისი, 2024.
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 24 მაისი, 2024.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი განკარგულებით დაამტკიცა რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკა ბელარუსს შორის საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებების დროს შესაძლოა მცირე ცვლილებები შეიტანოს ხელშეკრულების შეთანხმებულ ტექსტში. შეთანხმებას ხელი უნდა მოეწეროს უმაღლეს დონეზე - ანუ თავად პუტინისა და ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მონაწილეობით. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკამ პროექტი დაამტკიცა.

თავად ხელშეკრულების პროექტის შინაარსი დადგენილებაში არ არის მოცემული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია მისი მომზადების შესახებ და რომ, კერძოდ, შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა სამხედრო დახმარებას ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმის შემთხვევაში (თუმცა, ამგვარ ვალდებულებას შეიცავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მოქმედი დოკუმენტიც). შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი, როგორც ადრე გავრცელდა, შეეხება ბელარუსში განლაგებული რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს.

ლუკაშენკამ არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები თითქოს ბელარუსზე თავდასხმას ამზადებენ და ასეთ თავდასხმაზე ბირთვული პასუხით დაიმუქრა.

წელს რუსეთმა ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას - ფაქტობრივად, სამხედრო ალიანსს - ჩრდილოეთ კორეასთან. იგი გუშინ შევიდა ძალაში მოსკოვში სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინება.

მზადდება კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება - რუსეთსა და ირანს შორის. მას ხელი უნდა მოეწეროს ირანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს. ოქტომბერში მოსალოდნელი ვიზიტი არ შედგა, თუმცა ვიზიტის დრო გაურკვეველია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG