Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს სისხლისსამართლებრივი ბრალდებით


საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.

პოლიციამ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 5 დეკემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა.

გამოძიების თანახმად, „ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა”.

დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულია სულ 15 პირი.

მათგან 7-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა ან ნივთის დაზიანება და 7-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება. 1 დაკავებულია აფეთქების მომზადების ბრალდებით.

საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით - ხულიგნობისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა 300-მდე პირი.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG