Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრემიერი ბარნიე გადადგება, მის მთავრობას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა


მიშელ ბარნიემ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის 5 სექტემბერს დაიკავა.
მიშელ ბარნიემ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის 5 სექტემბერს დაიკავა.

საფრანგეთის კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე გადადგომის თხოვნით მიმართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პრემიერად სამი თვის წინ დანიშნული ბარნიე ამას დღეს, 5 დეკემბერს, დილით გააკეთებს.

ერთი დღით ადრე, 4 დეკემბერს, საღამოს საფრანგეთის პარლამენტმა, ეროვნულმა კრებამ მიშელ ბარნიეს მთავრობას ხმათა უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 574-დან 331-მა დეპუტატმა.

1962 წლიდან ეს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პირველი შემთხვევაა. 62 წლის წინ, ეროვნულმა კრებამ უნდობლობა გამოუცხადა ჟორჟ პომპიდუს მთავრობას.

მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორები იყვნენ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე დეპუტატები. მათი პროტესტი მოჰყვა ბარნიეს გადაწყვეტილებას, მთავრობას პარლამენტში განხილვის გარეშე მიეღო სოციალური და სამედიცინო დაზღვევის 2025 წლის შემცირებული ბიუჯეტი.

პარლამენტის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლებას მთავრობას აძლევს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტსაც აქვს უფლება, კენჭისყრაზე დააყენოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად 60 მილიარდი ევროს ეკონომიას გეგმავდა, რასაც ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

4 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას მიშელ ბარნიემ დეპუტატებს განუცხადა, რომ მისი გადადგომა ქვეყნის ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 73 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი მიშელ ბარნიე პრემიერ-მინისტრად დანიშნა 2024 წლის 5 სექტემბერს.

ბარნიე და მინისტრთა კაბინეტის წევრები გადადგომის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლებად დარჩებიან პრეზიდენტ მაკრონის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენამდე. ბოლო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2024 წლის ივნის-ივლისში ჩატარდა, მაკრონს პრემიერ-მინისტრის დასანიშნად 50 დღე დასჭირდა.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიუხედავად, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, ბოლო არჩევნებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი არ ტარდება.

საფრანგეთში წინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებთან ცენტრისტული კოალიციის დამარცხებას მოჰყვა პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება ეროვნული პარლამენტის დათხოვნის შესახებ.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 30 ივნისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის „ნაციონალურმა გაერთიანებამ“ მიიღო. მეორე ადგილზე იყო მემარცხენეთა ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ და მესამეზე პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია „ერთად".

7 ივლისს გამართული მეორე ტურის შედეგად, პირველ ადგილზე გავიდა მემარცხენეთა „ახალი სახალხო ფრონტი“, მეორეზე მაკრონის ალიანსი „ერთად“, ხოლო ნაციონალისტი ლე პენის პარტიამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG