“ეს ქვეყანა გადარჩება, ეს ქვეყანა არ არის ომონის, ეს ქვეყანა არასდროს იქნება რუსეთის. თქვენ ხართ გამპრავებლები ქუსლით თავის დამსრესი პოლიციელების", - მიმართა მოსამართლე კობა ჩაგუნავას ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.
გვარამია მის მიმართ წარდგენილ 166-ე მუხლს სასაცილოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან არანაირ წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია. გვარამია ამბობს, რომ ოფისში, სადაც დააკავეს, თავისი უფლების განხორციელებას ცდილობდა და პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია:
"მე ვარ ქართველი კაცი და როცა მაგინებენ, პასუხს გავცემ".
ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის დაკავების ოქმი არავის წარმოუდგენია და არც ხელი არ მოუწერია. იგი ამბობს, რომ ოქმი, რომელიც საქმეშია, არის გაყალბებული, რაზეც "შსს-ს წარმომადგენლები პასუხს აგებენ".
პოლიცია დგას იმ დარბაზებთან, სადაც აქციების დროს დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს. მესამე დარბაზში ნიკა გვარამიას საქმეზე მსჯელობენ, პირველ დარბაზში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალდებული 7 პირის პროცესი უნდა დაიწყოს.
ნიკა გვარამიას თქმით, შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო კონტექსტიდანაა ამოვარდნილი და დამონტაჟებულია. ის მოითხოვს სრულ ჩანაწერს, რათა მოსამართლეს სრული წარმოდგენა შეექმნას.
მხარეები მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე გადავიდნენ, შსს-ს "რუსთავი 2-ის" ეთერიდან მოჭრილი ვიდეო აქვს პროცესზე მიტანილი.
ფორუმი