Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო სხდომები. 4 დეკემბერს შსს-მ განსახილველად 33 მათგანის საქმე შემოიტანა. ისინი 1, 2 და 3 დეკემბერს დაკავებულები არიან.

17:43 4.12.2024

რევაზ ხაბელაშვილმა, რომელსაც მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სხდომაზე თქვა, რომ დაკავებისას წაართვეს ტელეფონი და ჯიბიდან ამოაცალეს ფული. შსს-ს იურისტმა მას განუმარტა, რომ ჩხრეკის დროს ხდება ნივთების ამოღება და მის დამკავებელ პოლიციელეს თან უნდა ჰქონოდათ. საბოლოოდ, ხაბელაშვილის ნივთები პოლიციას არ ჰქონდა. უცნობია, ვინ და რატომ ამოაცალა მას ფული და ნივთები და თუ პოლიციამ ამოაცალა სად წაიღო.

პოლიციის მოწმეები სასამართლოში
პოლიციის მოწმეები სასამართლოში

დაკავებულმა რევაზ ხაბელაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ აქციის მონაწილე არ ყოფილა, ის მივიდა რუსთაველზე, რადგან მეგობარმა დაურეკა და გაყვანა სთხოვა. მისვლიდან 10 წუთში კი დააკავეს. ხაბელაშვილის თქმით, არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა და თავად პოლიციამ დართო ნება, რომ ორი მეგობარი, აქციიდან წაეყვანა. ამაზე პასუხად მოსამართლე ამბობს: "რითი ადასტურებთ ამ ყველაფერს? - გზის სავალ ნაწილზე იდექით, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაგაკავეს, გოგოებთან მიხვედით, ისინი გამოგყავდათ, ოთხი დღეა მიდიხართ აქციაზე, სადაც ყოველ დღე ისმის "მოქალაქეებო დაიშალეთ". ტელევიზორს უყურებთ? მე გაცნობიერებული ვარ, ნანახი მაქვს კადრები, ვუყურებ, რადგან ჩემს საქმეს ეხება, ვიხილავს ამ საქმეებს და გაცნობიერებული უნდა ვიყო, შეფასების უნარი რომ მქონდეს. თქვენ 28 ნოემბერს დაწყებულ აქციაზე 2 დეკემბერს მიდიხართ და მეუბნებით ქალბატონებს უნდა შევხვდე და წამოვიყვანოო. ხედავთ რომ ადამიანები დაშავდნენ, პოლიციელები მოქალაქეები დაშავდნენ, ზოგს თავში ქვა მოხვდა, ვხედავთ, ხომ როგორი დაზიანებები მიიღეს. ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ ქალის გულისთვის რას არ გააკეთებს კაცი, მაგრამ ხომ უნდა დადასტურდეს, რომ გამოჩნდეთ თავდადებულად? მიდიხართ ასეთ ცხელ წერტილში, მანდ კი არა ძვირფასი ადამიანი გულისთვის ომში წავალ. მე მგონია, რომ თუ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით ადამიანის უსაფრთხოების მიზნით, ეს ღირსეული ნაბიჯია, მაგრამ უნდა ვნახოთ იყო თუ არა ეს დადასტურებული. თუ არ დასტურდება ჩნდება დიდი კითხვა - რა გინდოდათ იმ აქციაზე, რატომ მიხვედით იმ აქციაზე, სადაც ისმის "დაიშალეთ". კონსტიტუციური უფლება აქვთ სამართალდამცველებს თუ აქცია მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს შეწყვიტოს შეკრებაო. იქ სასწრაფო იყო, მოქალაქეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, სასწრაფო ეხმარებოდა, ხედავდით რომ გადაყავდათ, თუ ვერ დამიდასტურეთ თქვენი იქ ყოფნის საჭიროება სხვების დასახმარებლად, მაშინ რა გინდოდათ იქ. ვხედავთ ქვების სროლას, პიროტექნიკის გამოყენებას, თქვენ ამას არ გედავებიან, მაგრამ თქვენ დგახართ ამ ხალხის გვერდზე და უმაგრებთ მხარს. ზოგი უმოქმედოა, ზოგი ახორციელებს მოქმედებას პოლიციას უნდათ რომ დაიშალონ. თუ ადამიანი დგას იქ ე.ი. მასა ჩანს. მასას ქმნიან, რა მასას ქმნიან? ძალადობის სახე რომ გამოიხატოს? კიდევ გეუბნებით, თქვენ რომ დამიდასტუროთ მე როგორც ერთი ქართველი და ამასთანავე მისამართლე, ჩვენი ფასეულობების ტრადიციების პატივისმცემელი, ვეფხისტყაოსნის სამშობლოში დაბადებული მე ამ გარემოებას ნამდვილად გავითვალისწინებდი, თუ არა და...".

ხაბელაშვილის სასამართლოზე დაიკითხა ორი პოლიციელი: გიორგი ჩოჩიშვილი და ბექა ჩუბინიძე. ორივემ თქვა, რომ გაიგეს როგორ იგინებოდა რევაზ ხაბელაშვილი, თუმცა ამასთან თქვეს, რომ რობოკოპების ათამდე კორდონის უკან იდგნენ და იმდენად ხმაური იყო პოლიციელების გაფრთხილებას ვერ გაიგებდნენ და ამიტომ ქალის ხმოვანი შეტყობინება ისმოდა. "დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონია" - თქვა მოსამართლემ. შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ თქვა: "მისივე (დაკავებულის) განმარტებით, რომ სხვა მიზნით იყო მისული ადგილზე, ვთვლი რომ თუ მოსამართლე გამოიყენებს სახდელს ეს სახდელი იყოს მინიმალური,თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ. პატიმრობა არ არის შესაფერისი, ჯარიმასთან დაკავშირებით მინიმალური უნდა იყოს თუ, რა თქმა უნდა, სასამართლო ჩათვლის რომ უნდა იყოს გამოყენებული". მანუჩარ ცაცუამ რევაზ ხაბელაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დაასრულა სიტყვებით: "მე არ ვყოფილვარ რუსთაველზე დღეს, გუშინ, გუშინ წინ... როგორც მირჩევენ არ უნდა გავიდე, რას გავს რუსთაველი".

"მიმიკებით ადამიანი დედას რომ იგინება, ტუჩებზე ვატყობ", - პატრულის თანამშრომლის ბექა ჩუბინიძის ჩვენება

17:33 4.12.2024

აქციაზე დაკავებული გიორგი ბიწკინაშვილის პროცესს ესწრებოდა პოლიციელი, რომელიც შსს-ს მოწმედ უნდა გამოეძახებინა. ეს კანონით აკრძალულია.. შსს-მ თქვა, რომ სწორედ ამ პოლიციელმა დააკავა ის. უწყების იურისტი იძულებული გახდა მოეხსნა მოწმე, რის შემდეგაც ახალი პოლიციელის ძებნა დაიწყეს. ის უშუალო დამკავებელი არ იყო. ბიწკინაშვილი 7 დღით დააპატიმრეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

16:43 4.12.2024
გიორგი გახარია სასამართლოში
გიორგი გახარია სასამართლოში

გიორგი გახარია სასამართლოში ესწრება აქციაზე დაკავებული მისი პარტიის წევრის რამაზ ფევაძის პროცესს, რომელიც 2 დეკემბერს დააკავეს. საქმეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს.

15:12 4.12.2024


მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს აქციაზე დაკავებული რევაზ ხაბელაშვილის საქმეს, რომელსაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG