Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

18:36 3.12.2024

ნოდარ ჯაფარიძისა და საბა ზაკალაშვილის ადვოკატი: მოწინააღმდეგე მხარე აკეთებს ზოგად მითითებებს, არ ასახელებს დროს, ინდივიდუალურ სიტუაციას, ვინ გააკეთა კანონიერი მოთხოვნა, რაში გამოიხატა არ დამორჩილება და ა.შ.

მოსამართლეს მიმართავს ნოდარ ჯაფარიძე: 30 ნოემბერს, გამთენიას, მე რუსთაველის გამზირი დავტოვე და მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე, რომ მეუღლის ნაჩუქარი საათი დავკარგე, ჩემთვის ძვირფასი ნივთი, მივბრუნდი საათის მოსაძებნად.

მოსამართლე მას ეკითხება: რატომ გადაწყვიტე წასვლა? მოწოდების გამო?

- არა, დავიღალე, მოწოდება არ გამიგია. რომ დავბრუნდი იმ ტერიტორიაზე და დავიწყე ჩემი საათის ძებნა, უცებ დავინახე, რომ საპოლიციო ძალები ყველა ჩასასვლელი და გასასვლელიდან მოდიოდნენ, დავტოვე გზის სავალი ნაწილი და გადავედი ტროტუარზე. თან ვხედავდი, რომ ხდებოდა ანგარიშსწორება დემონსტრანტების მხრიდან, მაშინვე მეც გადავწყვიტე გავცლოდი იქაურობას. მე მყავს 3 წლის ბავშვი, მე ვარ მისი ძირითადი მეურვე და ნამდვილად არ დავიწყებდი იქ წინააღმდეგობის გაწევას. უკნიდან ვიგრძენი მოქაჩვა, დამაგდეს ძირს, დავწიე თავი, ორმა სამართალდამცავმა მომკიდა ხელი და გამათრიეს, რაც კადრებშიც ჩანს. ეს ტელეფონი დღემდე არ დაუბრუნებიათ ჩემთვის.

სამწუხარო რეალობაში გავიღვიძეთ, ბატონო მოსამართლე, მხოლოდ იმიტომ აკავებენ ამ ადამიანს შსს-ს წარმომადგენლები, რომ ისინი აქციებზე დგანან. ორად არის გაყოფილი ქვეყანა - მეორე მხარეს დგანან სამართალდამცავები, გადაღლილები ეკიპირებით, გამწარებულები და ვინც ხელში ხვდებათ, ყველას აკავებენ. ის ადამიანი, რომელიც მოწმედ მოვა აქ, რომელსაც არც კი დაუკავებია ბატონი ზურაბი, რომელსაც უბრალოდ მიუყვანეს ის უკვე დაკავებული, მოვა აქ და ილაპარაკებს ტყუილებს. მე მაქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი. - ამბობს ზურაბ გუგულაშვილის ადვოკატი.

შსს-ს წარმომადგენელი კითხვას უსვამს ნოდარ ჯაფარიძეს: გაიგეთ თუ არა მოწოდება, ხმოვანი სიგნალი, რომ დაგეტოვებინათ ტერიტორია? არ მოგხვედრიათ წყლის ჭავლი?

- არა, არ შეუსხიათ პირადად ჩემთვის წყალი და სპრეი.

მოსამართლე: მაგალითად, დაინახეთ პიროტექნიკის გამოყენება, მაგალითად, ქვის სროლა და ა.შ? ან მაგალითად, წყლის ჭავლის გამოშვება... ან ჭიჭინაძის ქუჩიდან?

- მე არ დავსველებულვარ. მე რაც მეხება, იმას ვამბობ.

მოსამართლე: გმადლობთ, დაბრძანდით.

18:17 3.12.2024

ზურაბ გუგულაშვილს, ნოდარ ჯაფარიძეს, საბა ზაკალიშვილს, ბესიკ ჭუმბურიძესა და გოგიტა მაღრაძეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განუმარტავს, რას ნიშნავს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რაც იწვევს, ჯარიმა 2000-3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღის ვადით.

შსს-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ზურაბ გუგულაშვილმა და გოგიტა მაღრაძემ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

გოგიტა მაღრაძის ადვოკატი ითხოვს მის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას.

17:59 3.12.2024

ადვოკატები აყენებენ შუამდგომლობებს, რუსთაველის 12 და 13 ნომერში გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას ერთ-ერთი დაკავებული პირის, ზურაბ გუგულაშვილის საქმეზე.

ადვოკატი ითხოვს სხდომის გადადებას ზურაბ გუგულაშვილის საქმეზე, სანამ სასამართლო ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას არ მოითხოვს.

მოპასუხე მხარე, შსს-ს წარმომადგენელი თანახმაა, სასამართლომ გამოითხოვოს გარესამეთვალყურეო ვიდეოს ჩანაწერები.

კიდევ ერთი დაკავებულის, ბესიკ ჭუმბურიძის ადვოკატი აყენებს შუამდგომლობას, საქმეს დაერთოს ვიდეო, სადაც ასახულია “მისი სამართალდარღვევის არჩადენის ფაქტს”. ამ შუამდგომლობასაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე.

“ზურაბ გუგულაშვილი იდგა ტროტუარზე, არკასთან, ცეცხლთან თბებოდა, ეცვა სველი ტანსაცმელი, ზამთარია ყინავს”, - ამბობს ადვოკატი.

მოპასუხე მხარე ამბობს, რომ ვერ ხედავს სხდომის გადადების საჭიროებას იმ მიზეზით, რომ სასამართლო დაელოდოს კამერების ჩანაწერებს ზურაბ გუგულაშვილის საქმეზე.

ნოდარ ჯაფარიძე
ნოდარ ჯაფარიძე

კიდევ ერთი დაკავებულის, ნოდარ ჯაფარიძის ადვოკატი ითხოვს ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დართვას, რომელიც დაადასტურებს, რომ ნოდარ ჯაფარიძეს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მოწმე გიორგი ზაზაძის გამოკითხვას, ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

15:07 3.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 28 წლის დანიელ მაიკლ ჯონ ტრავისს, ბრიტანეთის მოქალაქეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 2 დეკემბერს მიიღო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG