Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამას-ოთხასკაციანმა ჯგუფმა აქცია თავიდანვე ძალადობით დაიწყო, პროპორციული ძალით ვუპასუხეთ - სირაძე


ვაჟა სირაძე: „აქცია თავიდანვე აგრესიით დაიწყო“
ვაჟა სირაძე: „აქცია თავიდანვე აგრესიით დაიწყო“

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დღეს პოლიციამ გადაწყვიტა, „თავიდანვე გამოეყენებინა პროპორციული ძალა“, რადგან „აქცია თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო ... 300-400-კაციანი ჯგუფის მიერ“.

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დღეს პოლიციამ გადაწყვიტა, „თავიდანვე გამოეყენებინა პროპორციული ძალა“, რადგან „აქცია თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო ... 300-400-კაციანი ჯგუფის მიერ“.

სირაძის განცხადებით, „აქცია ბოლო დღეებია ძალადობრივია“ და პოლიციელები „ითმენდნენ სისტემატურ ძალადობრივ ქმედებებს“.

„100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ესროდნენ პიროტექნიკას, რკინის საგნებს. სეროზული დაზიანებები მიიღეს, რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა“, - თქვა მან.

„დღევანდელი აქცია დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა. 400-კაციანმა ჯგუფებმა დაიწყეს სხვადასხვა საგნებისა და პიროტექნიკის სროლა. იყო ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფის მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა“, - განაცხადა მან.

სახალხო დამცველმა, აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დაწყების შემდეგ, განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა.

ვაჟა სირაძე ერთ-ერთია პოლიციის იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთაც ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის მთავრობებმა სანქციები დაუწესეს - ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

2 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, - წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე - დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა.

სპეცრაზმი ხუთიოდე წუთით ადრე დაიძრა თავისუფლების მოედნიდან.

პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე მდგარი პოლიციელებიც დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაკავება.

არაერთი ადამიანი დააკავეს.

პოლიციელები ამოვიდნენ ქვედა ქუჩიდანაც.

„არ დავიშლებით“, - ყვირიან დემონსტრანტები.

რუსთაველის გამზირზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი.

პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა; ისინი განლაგებულები არიან ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც.

მათ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში მოაქციეს დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფი.

პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერეის წინ.

შსს კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება.

დემონსტრანტების ნაწილი აგრძელებს პიროტექნიკის გამოყენებას.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა 22:10 საათისათვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG