გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 2 დეკემბერს თავის ჩინელ კოლეგას მიმართა გაფრთხილებით, რომ პეკინის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა ორი ქვეყნის კავშირებზე აისახება - იუწყება ბერბოკის ოფისი.
ბერბოკი "სტრატეგიული დიალოგის" გამართვის მიზნით, პეკინში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის. შეხვედრა შედგა იმ ფონზე, როცა ბერლინი უთანხმოების გამომწვევი საკითხების განხილვის პარალელურად, ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს.
"უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის ჩინეთის მხარდაჭერის გაზრდა აისახება ჩვენს კავშირებზე", - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ სიტყვებით მიმართა ბერბოკმა ვანს. ბერბოკის თქმით, საკითხი ეხება "გერმანიის და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს".
ჩინეთი თავს ნეიტრალურ მხარედ წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ომში და აცხადებს, რომ არცერთ მხარეს არ უგზავნის მომაკვდინებელ შეიარაღებას, აშშ-სგან და დასავლეთის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. მაგრამ ჩინეთი რჩება რუსეთის ახლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოკავშირედ და ნატოს წევრი ქვეყნები პეკინს გადამწყვეტი მნიშვნელობის მხარდამჭერს უწოდებენ ამ ომში, რომელიც პეკინს არასოდეს დაუგმია.
ფორუმი