კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს და წერს, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია.
„დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა. ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას“, - ამბობენ ისინი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების განცხადებაში, რომელსაც ხელმოწერები კვლავ ემატება, ვკითხულობთ, რომ სწორედ ცენტრში დაცული, საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს საქართველოს ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ.
„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. სწორედ ამიტომ ვგრძნობთ, გამორჩეულ პასუხისმგებლობას“.
ამ ეტაპზე განცხადებას ხელს აწერს ცენტრის 37 თანამშრომელი.
ეს არ არის მსგავსი შინაარსის ერთადერთი განცხადება, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი საჯარო განცხადებით ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და ემიჯნება "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას".
განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.
ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ფორუმი