Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

29-30 ნოემბრის ღამეს, აქციაზე დაშავებული 40 ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში - ჯანდაცვის სამინისტრო


დაშავებული ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, აქციის მონაწილეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასთან მიჰყავთ, 30 ნოემბრის ღამე, 2024 წელი
დაშავებული ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, აქციის მონაწილეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასთან მიჰყავთ, 30 ნოემბრის ღამე, 2024 წელი

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების - 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს - 2 წარმომადგენელია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, გარდა კლინიკაში გადაყვანილი მოქალაქეებისა, რუსთაველის გამზირზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ აქციის სხვა მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.

უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.

ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე.

29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG