Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმის თქმით, მარიამ გაფრინდაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უტარდება კვლევები


დაშავებული მარიამ გაფრინდაშვილი. 30 ნოემბერი, 2024 წელი
დაშავებული მარიამ გაფრინდაშვილი. 30 ნოემბერი, 2024 წელი

"TV პირველის" ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მას პირველადი კვლევები ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ესაუბრა ჟურნალისტებს. ექიმის თქმით, გაფრინდაშვილი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, თუმცა აქვს ჩივილები, რომლის საფუძველზეც ექიმის რეკომენდაციაა, რომ ის კლინიკაში დარჩეს 24 საათის განმავლობაში:

“მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი დამუშავება მარჯვენა შუბლის არეში, გაკერვა.

ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა მხრივ რაიმე ჩივილები არ აქვს… ის უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში”, - განმარტა ექიმმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაზიანებები არ გამოვლინდება, გაფრინდაშვილს საშუალება ექნება 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ კლინიკა დატოვოს.

„TV პირველის“ ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის გაშუქების დროს პოლიციელებმა მათ ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს. ძალადობის შედეგად დაშავდნენ ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.

„ჩიტაძის ქუჩაზე მარიამ გაფრინდაშვილი დააგდეს ძირს. ახლა ფიზიკურად უსწორდებიან სპეცრაზმის თანამშრომლები ჩვენს გადამღებ ჯგუფს. ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი. უშვერი სიტყვებით აგინებენ ჟურნალისტებს. სიგნალი გაგვეთიშა, რადგან გატაცებულია გადამღები ჯგუფი. არ ვიცით სად მიჰყავთ“, - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეკო მაღრაძემ „პირველის“ ეთერში.

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.

პოლიციამ დღესაც, 30 ნოემბერსაც დააკავა რამდენიმე ადამიანი. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG