„დღეს მე ვარ ერთადერთი, ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების სახელით, უფლება აქვს დაელაპარაკოს მსოფლიოს, მე ამას ვაპირებ, ბოლომდე აქ ვიქნები, თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად ვიდგები“, - ეს სიტყვები სალომე ზურაბიშვილმა 28 ნოემბერს წარმოთქვა, ბრიფინგზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარემოცვაში, ვიდრე მომიტინგეებს შეუერთდებოდა.
მანამდე ის ელჩებს ხვდებოდა. პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
რა შეუძლია და რას სთხოვს ხალხი პრეზიდენტს?
„გამოიყვანოს ჯარი“
„პრეზიდენტმა გამოიყვანოს ჯარი“, „ჯარი გამოიძახოს პრეზიდენტმა“, „ჯარი უნდა დაეხმაროს მომიტინგეებს“, - ითხოვენ ბოლო დღეებში ფეისბუკზე.
28 ნოემბერს, როცა, სხვებთან ერთად, ქართულ ჯარს მიმართავდა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯარს „დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება“, მაგრამ ის „ყველაზე ერთგულია ამ ქვეყნის“ და „ყველაზე მეტად სტკივა გული, რომ ეს ქვეყანა იმ რუსეთს უბრუნდება, რომლიდანაც ძლივძლივობით გამოვედით“.
კონსტიტუციის თანახმად:
- თავდაცვის ძალები ემორჩილებიან მინისტრის, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს − პრემიერ-მინისტრის ბრძანებას
- საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების მოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად.
- საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და გადაწყვეტილებას ამტკიცებს პარლამენტი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, იურისტი თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ „პრეზიდენტს ახლა აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რაც მანამდე კონსტიტუციით ჰქონდა და მათ შორის, ჯართან დაკავშირებითაც“, მაგრამ კანონმდებლობის მუხლებით საუბარი უადგილოა ქვეყანაში, სადაც „კანონს სძინავს“ და მას თავად სამართალდამცველები არღვევენ რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეებთან სასტიკი ანგარიშსწორებისას.
მაგრამ ხიდაშელი ამბობს, რომ კრიზისულ სიტუაციაში, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც საქართველოს მოქალაქეები, „უნდა იდგნენ იქ, სადაც დგას ქართული საზოგადოება“, იმისთვის, რომ - „ხვალ სადმე კურსკში არ ამოყონ თავი, რუსული სახელმწიფოს დასაცავად და საქართველო “დიადი” რუსული ჩექმის ქვეშ არ დააბრუნონ“.
„თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები: ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა!“ - 29 ნოემბერს, საქართველოს დასავლური კურსის მიმართ ერთგულების დასტურად, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. განცხადებაზე ხელმომწერთა რიცხვი იზრდება და 20:00 საათისთვის 50-ს შეადგენს.
„ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა“, - წერია განცხადებაში, სადაც მითითებულია, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას“ და მათ შორის - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით“.
სასახლეში დარჩენა
კიდევ ერთი, რასაც ხალხის ნაწილი განიხილავს - შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის როლის შესრულებას და სასახლეში დარჩენას მას შემდეგაც, რაც „ოცნების“ კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტი გახდება.
28 ნოემბერს, ბევრმა სწორედ ასეთი მზაობა დაინახა სალომე ზურაბიშვილის სიტყვებში - „მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე“ და „ბოლომდე აქ ვიქნები, თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად ვიდგები აქ“.
პოლიტიკის ექსპერტისა და ტელეწამყვანის, არჩილ გამზარდიას შეფასებით - პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლა-არგამოსვლაზე მსჯელობა ნაადრევია.
„ყოველ წუთას შეიძლება შეიცვალოს მოცემულობები. ეს საკითხი უფრო მყარად დადგება ალბათ უფრო მაშინ, როცა ახალი ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება და იმ დროისთვის როგორ ჭრილში იქნება წარმოდგენილი პროცესები, ამის გათვლა ახლა ძალიან ძნელია... ამის შემდეგაც სტატუს-კვო რომ შეინარჩუნოს, ძნელი სათქმელია - რა ინსტრუმენტები რჩება ზემოქმედებისთვის“, - ეუბნება არჩილ გამზარდია რადიო თავისუფლებას და ამ კონტექსტში თეორიულად განიხილავს შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტმა მომავალშიც გამოიწვიოს „გარკვეული წინააღმდეგობა სახელმწიფო უწყებებში“, როგორც ეს მაგალითად თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემთხვევაში მოხდა.
ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ ერთგულების გამოხატვაში, ამ უწყებებს 29 ნოემბერს განათლების სამინისტროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მსგავსი შინაარსის წერილით. 20:00 საათისთვის წერილს განათლების სისტემის 400-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს.
გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელთა ნაწილის მსგავსი ტიპის განცხადებებიც - ასობით ხელმომწერი ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს.
ცალკე გამოქვეყნდა 20-მდე მოსამართლის განცხადებებიც.
28 ნოემბერს, ჯარის გარდა, პრეზიდენტმა მიმართა საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, პოლიციასა და ელჩებს და წინააღმდეგობის მოძრაობის ფარგლებში - ყველას თავ-თავიანთი ამოცანები დაუსახა.
- საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს: "დროა, თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ. დროა, იფიქროთ, რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს";
- პოლიციას: "თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში მოქალაქეების დაცვაა და არა მონების და არა რუსების და არა უცხოელების და არა მოღალატეების. ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში ის, რაც თქვენი გადასაწყვეტია";
- საქართველოს ელჩებს საზღვარგარეთ: "რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? თუ ჩვენ, ყველამ, ჩვენს ადგილას ხმა არ ამოვიღეთ, ხვალ აქ რუსეთი იქნება!".
“არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა!” - სალომე ზურაბიშვილი ერთიანი და კოორდინირებული გადაწყვეტილებების მომხრეა და ოპოზიციას პირადი ამბიციების დათმობით, ერთიანი მოქმედებებისკენ მოუწოდებს.
„თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?! ფიცი ვის წინაშე დადეთ?!… თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ?!“, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სპეცრაზმელებს. უხსნიდა, რომ მათი ფუნქცია ხალხის დაცვაა და არა დარბევა.
პრეზიდენტის სამშვიდობო მოწოდებებმა არ გაჭრა. 28 ნოემბერს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სპეცრაზმი მომიტინგეებს არბევდა - დასდევდა და ფიზიკური ძალით უპირისპირდებოდა. დაშლისას ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი. არის ცნობები წყალში სპეციალური ნივთიერების შერევის შესახებაც, რის გამოც მომიტინგეები საათების განმავლობაში უჩიოდნენ წვის შეგრძნებასა და აღენიშნებოდათ კანის სიწითლე. სხვადასხვა სახით დაშავებულთა შორის 20-ზე მეტი ჟურნალისტია.
28/29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა.
მომიტინგეებმა თბილისში, რუსთაველის გამზირი 29 ნოემბერსაც გადაკეტეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები. პოლიცია მომიტინგეებზე ისევ ფიზიკურად ძალადობს.
„TV პირველი“ იუწყება, რომ პარლამენტთან აქციის გაშუქების დროს პოლიციელებმა მათ ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს. ამის დაშავდნენ: ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. დააკავეს აქციის ათობით მონაწილე.
29 ნოემბერს, აქციის ძალადობრივი დაშლის ფონზე, პრეზიდენტმა კვლავ მოუწოდა პოლიციელებს, საპატრულო პოლიციის გამოკლებით, რომ შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე და, რომ რუსთაველზე არაფერი ხდება ისეთი, რაც მათ ჩართულობას საჭიროებს.
პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა მანამდე, ვიდრე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი აქციის დაშლას დაიწყებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პრეზიდენტი დეზინფორმაციას ავრცელებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს.
„ის ვერ ელევა საკუთარ სკამს. ყველანაირად ცდილობს დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, უნდა, რომ ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი 5 პარასკევი. ეს 5 პარასკევიც ამოიწურება და აქტუალობას დაკარგავს თავიდან ბოლომდე ეს ქალბატონი“, - 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი“. მანამდე კი, კობახიძეს ნათქვამი აქვს, რომ „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ყოფილ ფეხბურთელს - მიხეილ ყაველაშვილს სალომე ზურაბიშვილზე „ათი თავით“ მაღალი IQ აქვს.
საზოგადოების პროდასავლურ ნაწილს ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ უნდა დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი „ოცნების“ განაყოფის, ანტიდასავლური გამონათქვამებით ცნობილი პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც უმაღლესი განათლება არა აქვს. გარდა ამისა, პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს ატარებს პარლამენტი, რომლის კონსტიტუციურობა კვლავ სადავოა.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას - ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების შესახებ - სალომე ზურაბიშვილმა "საკონსტიტუციო გადატრიალება" უწოდა.
„დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა“, - განაცხადა პრეზიდენტმა 28 ნოემბერს.
ექსპერტები ეთანხმებიან პრეზიდენტს - რომ ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალია, რადგან არჩევნების სადავო შედეგები ჯერ არ არის აღიარებული არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ - კვლავ დგას არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიების საკითხი.
„ქართული ოცნება“ იგნორირებას უკეთებს იურისტების განმარტებებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების ფონზე - პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა და, რომ ასევე უკანონოდ უნდა ჩაითვალოს - მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შორის - ახალი მთავრობის დამტკიცება. „ოცნება“ აცხადებს, რომ - ყველა პროცესი კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია.
ფორუმი