Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა საქართველოს ელჩი ბულგარეთში


ოთარ ბერძენიშვილი
ოთარ ბერძენიშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. 

„არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა“, - წერს დიპლომატი გადადგომის შესახებ პლატფორმა X-ზე.

ოთარ ბერძენიშვილმა დიპლომატიური კარიერა 2000 წლიდან დაიწყო. 2023 წლიდან იყო ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. მანამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად, იყო ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაშიც.

დიპლომატის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა მმართველ პარტიაში - „ქართულ ოცნებაში“ - მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც. პრესსამსახურის თანახმად, 32 დაშავებულიდან 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG