პარლამენტის შენობა დილით. თბილისი, 1 დეკემბერი
პროევროპული საპროტესტო აქციების მესამე ღამე თბილისში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია BBC-ს, რომელშიც განაცხადა, რომ ის რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ქვეყანას ახლა სჭირდება სტაბილურობა. ზურაბიშვილის სიტყვებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, არ დარჩა არცერთი სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
„ყველა სხვა ინსტიტუტში ერთპარტიული მმართველობა ბატონობს, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში შენიშნავს, რომ ქუჩის პროტესტს ყოველდღიურად ემატება მხარდამჭერები და მისი თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და უჩვეულო ის რის, რომ ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებსა და სხვადასხვა ინსტიტუტებში.
„საქართველოსთვის ახალია ისიც, რომ სპონტანური საპროტესტო აქციები იმართება ყველა ქალაქში, რადგან ჩვეულებრივ, პროტესტის ნებისმიერი ფორმის ცენტრი თბილისი იყო ხოლმე“.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას უწოდებს „ღრმა კრიზისს“ და BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები არ შევლენ პარლამენტში და რომ ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება:
„მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს დაცულად და ხომ არ ფიქრობს, რომ მას ელის დაპატიმრება, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას ხალხი იცავს:
„მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და ის კიდევ უფრო მოექცევა იზოლაციაში. იმედი მაქვს, ისინი ამას შეეგუებიან, რომ ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში უნდა მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე, რაც არ ნიშნავს, რომ ისინი სრულად წავლენ ხელისუფლებიდან, ისინი დარჩებიან იმ დოზით, რამდენადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს მათ მანდატებს პარლამენტში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) 50 მონაწილე „ხაზგასმით გმობს“ „ქართული ოცნების“ მმართველობის გადაწყვეტილებებს, რაც, მათი შეფასებით, „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს“.
პირველ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტები წერენ, რომ „ქართული ოცნების“ მიღებული გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, „უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი“.
„კატეგორიულად ვგმობთ პროტესტის მონაწილეთა მიმართ არალეგიტიმური და სასტიკი ძალის გამოყენებას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ქალაქებსა და საზღვარგარეთ მიმდინარე სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, მათ შორის, გაფიცულ სტუდენტებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დასაცავად“, - წერია განცხადებაში.
„დღეს, საქართველო რთულ გზაგასაყარზე იმყოფება, სადაც დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოლო დასავლური სამყაროსგან იზოლირება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ტოვებს“, - მიიჩნევენ ისინი.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების, მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის განვითარებას იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რამეთუ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, რომლის ფუნდამენტიც თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობაა“, - აცხადებენ ხელმომწერები.
ისინი საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს სთხოვენ, „დროულად მიიღონ ის საჭირო დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს კონსტიტუციური უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში“.
ფორუმი