თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მყოფ მომიტინგეებს უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
აქტივისტი ნიკა ნარსია, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტს შეესწრო, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ უცნობი პირები მომიტინგეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხოლო ერთ-ერთ ქალს ხელი ჰკრეს.
მისივე განცხადებით, ისინი სწორედ ის პირები არიან, რომლებიც რამდენიმე საათით ადრე, თბილისის მეტროში მგზავრს დაუპირისპირდნენ.
"თავისუფალი ბიზნესის" გაერთიანება საერთო განცხადებას ავრცელებს, რითაც ახალი არჩევნების დანიშვნასა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. განცხადებას 400-ზე მეტი კომპანია აწერს ხელს.
ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც აქციაზე ძალადობის გამო სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. 16 დეკემბერს იგი უწყებაში კიდევ ერთხელ გამოჰკითხეს.
"ფორმულასთან" ინტერვიუში ჟურნალისტი გამოკითხვის დეტალებს იხსენებს. იგი ამბობს, რომ მისი გამომძიებელთან შეხვედრა ახლა, უფრო "ფორმალური" ხასიათის იყო და ძირითადად, ის დოკუმენტები გააცნეს, რაც აქამდე შეადგინეს მის საქმეზე.
როგავა ჰყვება, რომ მასზე ძალადობიდან 18 დღის შემდეგაც, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არავინ გამოუკითხავს. მისივე ინფორმაციით, გამოძიებას ჯერ არც სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აქვს.
პარლამენტთან ღონისძიების გარეშე აინათო ნაძვის ხე
ფორუმი