"ფორმულასთან" ინტერვიუში ჟურნალისტი გამოკითხვის დეტალებს იხსენებს. იგი ამბობს, რომ მისი გამომძიებელთან შეხვედრა ახლა უფრო "ფორმალური" ხასიათის იყო და ძირითადად ის დოკუმენტები გააცნეს, რომლებიც აქამდე შეადგინეს მის საქმეზე.
როგავა ჰყვება, რომ მასზე ძალადობიდან 18 დღის შემდეგაც, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არავინ გამოუკითხავს. მისივე ინფორმაციით, გამოძიებას ჯერ არც სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ აქვს.
"ვიკითხე, ვინ გამოჰკითხეთ? ჯერ არავინ გამოუკითხავთ, 18 დღე გავიდა. ვიკითხე, თუ ამოიღეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები? საავადმყოფოში გამომძიებელს ხაზგასმით ვუთხარი, რომ იქ არის უამრავი კამერა, იქ არის "თბილისი მერიოტი", სხვადასხვა კერძო კომპანიების დაწესებულებები, ოფისები, გარდა შსს-ს კუთვნილი კამერებისა რუსთაველის გამზირზე, რომელიც უპრეცედენტო რაოდენობითაა. კადრში ჩანს, რომ ის [სპეცრაზმელი] გარბის. კი, ნიღაბი უკეთია, მაგრამ შემდეგ რომ გაიქცა, იქნებ, სადმე მოიხსნა, ვის შეუერთდა? სად მივიდა? ეს ყველაფერი ჩანს კამერებში. პასუხი რა იყო დღეს? - "მიმდინარეობს გამოთხოვის პროცესი". წლების შემდეგაც იტყვიან ალბათ, რომ მიმდინარეობს... ვკითხე გამომძიებელს, შეგიძლიათ მითხრათ, როდის მოითხოვეთ ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, როდის მიმართეთ შსს-ს? პასუხი იყო: "სამწუხაროდ, არ მახსოვს", - ჰყვება გურამ როგავა და მოგვიანებით, ამატებს, რომ ექსპერტიზა მას ამ დრომდე არ ჩასტარებია და თავისი სისხლიანი ტანსაცმელი თავისივე ინიციატივით მიიტანა საგამოძიებო უწყებაში.
როგავამ თქვა, რომ გეგმავს, იურისტთან ერთად დაწეროს განცხადება და თავისი საქმის მასალებზე წვდომა მოიპოვოს.
გურამ როგავაზე სამართალდამცავებმა 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადეს. ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო.
მკურნალი ექიმის განცხადებით, გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა.
ფორუმი