საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე 7 დეკემბერს ნიღბიანების ჯგუფის ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები აჩენს დაუცველობის განცდას.
„დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები... მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია“, - წერს დეკანოზი ფეისბუკზე.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები დაუცველობის განცდას აჩენს და სახელმწიფო ვალდებულია გამოიძიოს მომხდარი, რათა გამორიცხოს განმეორება.
ფეისბუკსტატუსში სასულიერო პირი საზოგადოებას მოუწოდებს იზრუნონ დაძაბულობის განმუხტვაზე და სამოქალაქო ომისდროინდელ დღეებს იხსენებს.
ტვ "პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისას, თბილისში ბესიკის ქუჩაზე იძალადეს ასევე ჟურნალისტ მაკა ჯანაშიაზე, რომელიც შემთხვევას შეესწრო და ტელეფონით ვიდეოს იღებდა.
"მივდიოდით ბესიკის ქუჩიდან რუსთაველისკენ, ბესიკის ქუჩისკენ შემოგვესმა ყვირილი და ჩოჩქოლი ცოტა უკან დავიხიეთ და დავინახე რომ პატრულის მანქანასთან, მაკა ჩიხლაძეს სპრეი შეასხა ვიღაც შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა ადამიანებმა, მაშინვე ჩავრთე კამერა ტელეფონის და წავედი რომ გადამეღო, ამასობაში მაკამ გაუხვია, იმიტომ რომ ეს ნიღბიანი ჯგრო და ადამიანები გავიდნენ ქუჩაზე, რომლის სახელიც არ მახსოვს, მარჯვენა მხარეს. მაკა გაჰყვა და მეც გავყევი, ამასობაში ოპერატორიც დამეწია, იღებდა, თქვენი ოპერატორი [ტვ "პირველის"] და რომ ვიღებდი ამას. მაკას რომ ეჭიდავებოდა ეს ერთ-ერთი ნიღბიანი ადამიანი, ერთი ტიპი მეცა, ნიღბიანი, რომელსაც, დამამახსოვრდა რომ სახეზე ჰქონდა ჩონჩხის გამოსახულება. მეცა, ტელეფონი გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი, მის გვერდზე მყოფმა წიხლები დამიშინა ფეხებში და ეგ იყო და ეგ, მერე ვნახე რომ გამოქცეულ ჯგუფს ოპერატორი უცემია და იყო საშინელ მდგომარეობაში. როცა მართმევდა ტელეფონს ჟურნალისტი ვარ-მეთქი ვუთხარი და ეს რომ ვუთხარი, ზუსტად მაგიტომ ჩამარტყა სახეში მე მგონი, ასეთი ეჭვი მაქვს", - თქვა მაკა ჯანაშიამ.
მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს. ამასთან მისი დაკვირვებით, ხალხი, რომელიც თავს დაესხა ქცევით მოაგონებდა სპეცრაზმელებს:
საფრანგეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
მათ შორის, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტებს.
მან სოციალურ ქსელში ორი პოსტი გამოაქვეყნა:
„ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა და სასტიკი ცემა იმ ჟურნალისტებისა, რომლებიც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ“, - წერს ის X-ზე და ამით ეხმიანება 7 დეკემბერს, ტვ პირველი ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს.
პლატფორმა X-ზე წერს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისზე თავდასხმისა და პოლიტიკოსებისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის შესახებ:
„რუსული რეჟიმი თბილისში ბრუნდება ღამით სამუშაოდ. მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა ქუჩებში, როდესაც ისინი ტერორს გაურბიან, პოლიტიკოსების, მედიისა და ხელოვანების მიზანში ამოღება, ოპოზიციური პარტიების ოფისების კარის მტვრევა, თავდასხმა და პოლიტიკოსების მიმართ სასტიკი მოპყრობა“.
"ტვ პირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ.
ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები.
როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ:
„ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები“, - ამბობს კლინიკის ექიმი.
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფორუმი