„დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები... მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია“, - წერს დეკანოზი ფეისბუკზე.
საპროტესტო აქციების მეათე ღამეს, ბესიკის ქუჩაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი, ნიღბიანი უცნობები. ამის შედეგად, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.
იგივე ჯგუფი შეიჭრა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისში და ფიზიკურად გაუსწორდა კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პოლიტიკოსს.
იქვე, ბესიკის ქუჩის მიმდებარედ ნიღბიანები გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძესაც. მან თქვა, რომ თავდასხმას შეესწრნენ პოლიციელები, თუმცა, მას არ დახმარებიან, ნიღბიანებს კი მიმალვის საშუალება მისცეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ მომხდარი დაუცველობის განცდას აჩენს და სახელმწიფო ვალდებულია გამოიძიოს ასეთი შემთხვევები, რომ თავიდან აიცილოს მათი განმეორება.
ფეისბუკსტატუსში სასულიერო პირი საზოგადოებას ახსენებს სამოქალაქო ომისდროინდელ დაპირისპირებას და ხალხს მოუწოდებს იზრუნოს სიტუაციის განმუხტვაზე.
„თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ“, - წერს იგი და განცხადებას ასრულებს ამ სიტყვებით: „ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში, სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“.
ბოლოს საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს 8 დღის წინ გამოეხმაურა. 30 ნოემბრის განცხადებაში საპატრიარქო მოუწოდებდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს არ გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
დემონსტრაციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 386 ადამიანი. საპროტესტო აქციაზე დაკავებულების დიდი ნაწილი ნაცემია, დაკავებულები მასობრივად ჰყვებიან სპეცრაზმის სასტიკესა და ძალადობაზე.
სახალხო დამცველმა, რომელმაც რამდენჯერმე მოინახულა სხვადასხვა დროს დაკავებულები მივიდა დასკვნებამდე, რომ დაზიანებების სიმძიმე, რომელიც პოლიციელებმა დემონსტრანტებს მიაყენეს, პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო პროპორციულ ძალას იყენებდა - „დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედების“ ნიშნებით, ასეთი შეფასება გამოიყენა მან ნანახის შესაფასებლად.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
ფორუმი