საფრანგეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
მათ შორის, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტებს.
მან სოციალურ ქსელში ორი პოსტი გამოაქვეყნა:
„ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა და სასტიკი ცემა იმ ჟურნალისტებისა, რომლებიც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ“, - წერს ის X-ზე და ამით ეხმიანება 7 დეკემბერს, ტვ პირველი ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს.
პლატფორმა X-ზე წერს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისზე თავდასხმისა და პოლიტიკოსებისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის შესახებ:
„რუსული რეჟიმი თბილისში ბრუნდება ღამით სამუშაოდ. მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა ქუჩებში, როდესაც ისინი ტერორს გაურბიან, პოლიტიკოსების, მედიისა და ხელოვანების მიზანში ამოღება, ოპოზიციური პარტიების ოფისების კარის მტვრევა, თავდასხმა და პოლიტიკოსების მიმართ სასტიკი მოპყრობა“.
"ტვ პირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ.
ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები.
როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ:
„ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები“, - ამბობს კლინიკის ექიმი.
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობებს გიორგი მახარაძეს, გიორგი ბახუტაშვილს და სანდრო კაკულიას. მათი თქმით, ცემას რეაგირების გარეშე უყურებდნენ პატრულის თანამშრომლები.
ბესიკის ქუჩაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. "ტვ პირველის" ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი.
დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს.
ფორუმი