საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება ხალხის ინტერესებს და სათანადოდ არ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებზე გამოვიდნენ.
შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ უარყოფს, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, წყლის გარდა, იყო კიდევ გარეული სხვა ნივთიერებაც.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, კონკრეტულად რა სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ და რა იყო გარეული წყლის ჭავლში, ალექსანდრე დარახველიძის პასუხი იყო, რომ:
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“.
მისი სიტყვებით, პოლიციას აქვს კანონით მინიჭებული უფლება - გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები და მათ შორის როგორც პასიური, ისე აქტიური სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი, გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა:
„ამას ვიყენებთ კანონის შესაბამისად. მთავარი ტესტი არის პროპორციულობა და მას ვიყენებთ საფრთხიდან გამომდინარე და რაც აუცილებელია მოსალოდნელი ზიანის აღსაკვეთად. ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, თუმცა ყველა საშუალებაზე კონკრეტულად ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ეს პროცესი გრძელდებოდა ხანგრძლივად და 12 საათის მანძილზე ვიყავით მობილიზებული და ვიყენებდით კანონით დადგენილ საშუალებებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დილიდან რიგებია წინასწარი დაკავების იზოლატორებში. რიგში დგანან ადვოკატებიც და დაკავებულებიც. გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად შსს სასამართლოს სხდომების ჩანიშვნის შუამდგომლობით მიმართავს. პროცესებზე წაყვანილი დემონსტრანტების ადგილს სხვა დაკავებულები იკავებენ. რა ხდება იზოლატორებში? - რადიო თავისუფლებას ადვოკატები უყვებიან.
„სტანდარტულად ნაცემია ყველა“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ვიქტორ კვიტატიანი, მან ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 პირი 30 ნოემბერს, დილის საათებში მოინახულა. დაკავებულებს შსს წვრილმა ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საპირისპიროს უყვებიან ადვოკატს დაკავებულები.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა დაიწყო. საქმეები მორიგე მოსამართლეებს: კობა ჩაგუნავასა და ზვიად ცეკვავას დაეწერათ.
პოლიციამ დაკავებულების სასამართლოში მიყვანა დაახლოებით 14:00 საათისთვის დაიწყო. მათ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები იცავენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დღეს 29 დაკავებულის საქმე განიხილება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა აქვს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ დაკავებულებმა სამართალდარღვევა ჩაიდინეს. შსს-ს მოწმეები, არა დაკავების შემსწრე ნეიტრალური ადამიანები, არამედ ამავე უწყების თანამშრომლები - პოლიციელები არიან.
„სასამართლო იქცა სადამსჯელო მექანიზმად. ამ დროს სასამართლო სჭირდებათ მუხტის შესაკავებლად რეპრესიების გასატარებლად“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ პარლამენტთან გამართული აქციის 43 მონაწილე დააკავა, მათ შორის ჟურნალისტები. მათგან რამდენიმე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეუწყვეტიათ.
პოლიციამ 107 ადამიანი დააკავა 29-30 ნოემბრის ღამეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათი საქმეები ჯერ სასამართლოსთვის არ გაუგზავნიათ. შსს-ს ამისთვის 48-საათიანი დრო აქვს - ამ დროს დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში - პატიმრობაში ატარებენ.
ფორუმი