ამის შესახებ კობახიძემ დღეს მთავრობის დასამტკიცებლად გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობენ პრეზიდენტი და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია. მის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” წევრები ტაშით შეხვდნენ.
ევროკავშირზე საუბრისას, კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, თუმცა ევროკავშირს აქვს პირობები, რომლებსაც საქართველო გაითვალისწინებს, თუ ეს წინააღმდეგობაში არ იქნება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან:
„ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ და გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ აქ გადის გარკვეული ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება ისევ და ისევ.
ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ის, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობით ევროპისკენ სვლაზე, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს ის, რომ მისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ.
როცა საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, დაიცვას ჩვენი ტრადიციული ფასეულობები. ამიტომ აქაც ევროკავშირს აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან”, - თქვა კობახიძემ. მის სიტყვებს პარლამენტში მსხდომი “ქართული ოცნების” წევრები, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
რამდენიმე წელია, რაც შეიცვალა “ქართული ოცნების” რიტორიკა დასავლელი პარტნიორების მიმართ. რიტორიკის ცვლილება გამოიხატება, მაგალითად, “გლობალური ომის პარტიის" შესახებ განცხადებებში, როდესაც მაღალჩინოსნები ლაპარაკობენ გარკვეულ ძალაზე დასავლეთში, რომელსაც საქართველოში “მეორე ფრონტის გახსნა” და არეულობა სურს. მსგავს განცხადებებს არაერთხელ გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორები და თქვეს, რომ არ არსებობს არავითარი "გლობალური ომის პარტია".
შეიცვალა ასევე “ქართული ოცნების” პოლიტიკაც ევროპარლამენტარების მიმართ, როდესაც ოფიციალური ვიზიტით ქვეყანაში ჩამოსულ სხვადასხვა დელეგაციას არ ხვდებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. ოქტომბერში გახდა ცნობილი, რომ, თავის მხრივ, ევროკავშირიც წყვეტდა მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა ევროკავშირი აცხადებს, რომ გაწევრების პროცესი “გაყინულია”, ამის მიზეზად კი სახელდება “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები, მათ შორის სადავო კანონების მიღება და საგარეო კურსი.
ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების ნაწილია ასევე ფინანსური დახმარებების და ერთობლივი პროექტების შეწყვეტა სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ფორუმი