22 ნოემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სუმიში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეუტიეს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს.
სუმის მერის, არტიომ კობზარის ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, 2 და დაიჭრა 12 ადამიანი.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სუმიზე დრონებით და რაკეტებით არაერთი შეტევა განხორციელდა. დაიღუპა 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, 9 - კალუგაში და 2 - კურსკის ოლქში.
რუსეთის ამ რეგიონების გუბერნატორების მტკიცებით, დრონების მოგერიებას ხმელეთზე რაიმე ზიანი არ გამოუწვევია.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
ფორუმი