ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 20 ნოემბერს შეიწყალა 32 პოლიტპატიმარი. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით ისინი გასამართლებული იყვნენ „ექსტრემიზმის“ მუხლით. შეწყალებულთა შორის 8 ქალი და 24 მამაკაცია. მათი ვინაობა არ სახელდება.
"ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული, მოინანია ჩადენილი და შეიტანა შუამდგომლობა შეწყალების შესახებ",- ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებში.
3 ივლისიდან მოყოლებული ლუკაშენკომ ჯამში 178 პოლიტპატიმარი შეიწყალა.
2020 წლის აგვისტოში გამართული არჩევნების შემდეგ, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტად მეექვსე ვადით არჩეულია ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიცია ამას არ დაეთანხმა. იგი აცხადებდა, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მათმა კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ. გაყალბების წინააღმდეგ და დემოკრატიის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასობრივი გამოსვლები. უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მძიმე რეპრესიებს ახორციელებდნენ.
უფლებადამცველთა მონაცემებით, აქციების დაშლისას დაიღუპა, სულ მცირე, რვა ადამიანი. ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის ათასობით საქმე. ასობით მოქალაქეს, ოპოზიციის ლიდერების ჩათვლით, ხანგრძლივი ვადით მიესაჯა პატიმრობა.
ბელარუსში ამჟამად არის ათასზე მეტი მსჯავრდადებული, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს პოლიტპატიმრებად ჰყავთ აღიარებული.
ფორუმი