Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ აქციის დროს ერთ-ერთ დაკავებულს ჯარიმა, მეორეს კი 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა


პოლიციელების მობილიზება მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს. 19 ნოემბერი, 2024 წელი.
პოლიციელების მობილიზება მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს. 19 ნოემბერი, 2024 წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული, ირაკლი ანდღულაძე 2700 ლარით დააჯარიმა. დღესვე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, ისაკო დევიძის პროცესიც, რომელსაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ორივე მათგანის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) იცავდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაკავებულების ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ აღნიშნა, რომ ორივე მათგანს შსს აქციის დროს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი]. მისივე ვარაუდით, ისაკო დევიძე წარსულში სამართალდამრღვევად არის ცნობილი, რაც პატიმრობის გამოყენების ერთ-ერთი საფუძველი შეიძლებოდა, გამხდარიყო.

"მტკიცებულებები არ ჰქონდათ. ორივეს შემთხვევაში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები იყო მტკიცებულებები, მეტი არაფერი. ისაკოს [დევიძის] შემთხვევაში პოლიციელები ძალიან აიბნნენ ერთმანეთში და ურთიერთშეუთანხმებელი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს. ისეთი, რომ თვითონაც ეცინებოდათ", - ჰყვება ადვოკატი.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესებზე სასამართლომ დაცვის უფლება შეზღუდა, რაც ადრე არ ხდებოდა. ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ ერთმა მოსამართლემ მტკიცებულებების მოსაპოვებლად და მასალების გასაცნობად ნახევარი საათი მისცათ, მეორემ კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

"მთავარი, რაც იყო, იყო ის, რომ სასამართლომ დაცვის უფლება ძალიან შეზღუდა. ეს სტანდარტი ადრე არ იყო... მოსამართლემ ნახევარი საათი მოგვცა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რაც წარმოუდგენელი იყო. ისაკოს [დევიძის] შემთხვევაში მასალების გასაცნობადაც არ მოგვცა დრო, "გაჭიანურებას ემსახურება ეს მოთხოვნაო". ეს იყო სიახლე, რაც აქამდე არ ხდებოდა, დანარჩენი იგივე - პოლიციელების ჩვენებებით გამტყუნება", - ამბობს ადვოკატი.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დაკავებულის, დავით წოწორიას ადმინისტრაციულ საქმეს.

19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას 16 პირი დააკავეს.

მათგან სამი - ორი დემონსტრანტი და „მთავარი არხის“ ოპერატორი - ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს.

19 ნოემბერს საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.

ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.

პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG