შსს განმარტავს, რომ უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ცეცხლის კერის გაჩენის შემდეგ შევიდნენ.
"ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის", - წერია შსს-ს განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც თსუ-ის ეზოში სპეცრაზმის დანაყოფების შესვლაზე ინფორმაცია გავრცელდა, სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომა მოითხოვა.
"დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს", - წერია "მაისის სტუდენტური მოძრაობის" განცხადებაში.
ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს კიდევ ერთი სტუდენტური მოძრაობა, "ევროპული ხიდი". მოძრაობის განცხადებით, "რუსული რეჟიმი" საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ინსტრუმენტად იყენებს. ისინი მყისიერ განმარტებას ითხოვენ უნივერსიტეტისგან.
ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ასახულია, როგორ შედიან საპოლიციო ძალები გამთენიისას უნივერსიტეტის ეზოში.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166) 19 ნოემბერს დააკავეს 16 ადამიანი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ფორუმი