Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტების ნაწილი თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს


ჯაბა სამუშია, თსუ-ის რექტორი
ჯაბა სამუშია, თსუ-ის რექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.

მოთხოვნის შესახებ განცხადებას "მაისის სტუდენტური მოძრაობა" ავრცელებს. მათი თქმით, ჯაბა სამუშიამ დაუშვა ის, რომ 19 ნოემბრის დილას თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სპეცრაზმის დანაყოფები შევიდნენ.

სტუდენტების თქმით, დღევანდელი შემთხვევა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადადგეს.

"დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს.

ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილეგია აქვს ბოძებული მისივე პატრონი მმართველი პარტიისგან. ეს პრივილეგია უნივერსიტეტის შიდა საქმეებით და ბიუროკრატობით შემოიფარგლება, სხვა შემთხვევაში ის ასე ასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი კლასი ჩასძახებს. ლოგიკურია, სამუშია მისთვის გადმოგდებულ ულუფას, რექტორის სავარძელს კბილებით იცავს

ჯაბა სამუშია ბიზნეს და პოლიტიკური კლასის მსახურია, რომელიც ბეჯითი ხელის ბიჭის ერთგულებით შეასრულებს ყველა დავალებას..." - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს კიდევ ერთი სტუდენტური მოძრაობა, "ევროპული ხიდი". მოძრაობის განცხადებით, "რუსული რეჟიმი" საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ინსტრუმენტად იყენებს. ისინი მყისიერ განმარტებას ითხოვენ უნივერსიტეტისგან.

"ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, რისთვისაც ის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხს აგებს, თუმცა ამ ყველაფერში ყველაზე შემზარავი ის გარემოებაა რომ, მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი დახურული იყო სტუდენტებისთვის, ის გაიღო ძალოვანი უწყებებისთვის.

ქართულმა ოცნებამ არსობრივად შეისისხლხორცა რუსული რეჟიმი, რის ინსტრუმენტადაც უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც იყენებს.

ნებისმიერი ტიპის განცხადება უკვე დაგვიანებულია, თუმცა ვითხოვთ მყისიერ განმარტებას ივანე ჯავახიშვილის გზას აცდენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან და მოვითხოვთ უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, სასწრაფოდ აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე და დღესვე დატოვოს დაკავებული თანამდებობა", - წერია მოძრაობის განცხადებაში.

იგივე შინაარსის მოთხოვნა აქვს მოძრაობას, "სტუდენტები ხმების დასაცავად". მათ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გმობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დუმილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის და მისი გახსნა საპოლიციო ძალებისათვის, საიდანაც ისინი გვარბევდნენ სტუდენტებსა და აქციის სხვა მონაწილეებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსი არის გადაქცეული ძალოვანი სტრუქტურების შტაბად, რაც არის უნივერსიტეტის უდიდესი შეურაცხყოფა.

დღეს ძალოვნები (პოლიციელები და შავებში გადაცმული ხალხი, რომლებიც ვერ გვიმხელენ ვინაობას) დგანან უნივერსიტეტის პირველ კორპუსსა და ეზოს ტერიტორიაზე. შენობაში უშვებენ მხოლოდ მათ, ვისი სიაც აქვთ ხელთ. ჩვენთვის გაურკვეველია, როგორაა შედგენილი აღნიშნული სია, რამეთუ სტუდენტების ნაწილს სიაში გადამოწმების გარეშე უშვებენ შიგნით, ხოლო ნაწილს, ასევე სიაში გადამოწმების გარეშე უკეტავენ უნივერსიტეტის კარს.

ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

ვითხოვთ ჯაბა სამუშიას გადადგომას."

19 ნოემბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ასახულია, როგორ შედიან საპოლიციო ძალები გამთენიისას უნივერსიტეტის ეზოში.

19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.

ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.

პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166) 19 ნოემბერს დაკავებულია 16 ადამიანი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG